პოსტის წერაც დავიწყე და მხარზე რომ „მე“ მაზის, ის მეკითხება: - „სატანისტები“ მოინანია? - გოჩა მირცხულავა
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
“„ბოროტებას ჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“, აცხადებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო წერილში და სრულიად მინდა დავეთანხმო მას.
აი, პოსტის წერაც დავიწყე და მხარზე რომ „მე“ მაზის, ის მეკითხება: - „სატანისტები“ მოინანია?
ჰო და… ვიდრე იმას არ იტყვით, ბატონო ირაკლი, თქვენ თავად რა გაქვთ მიქარული, უბრალოდ ადამიანურად მებრალებით.
იმიტომ, რომ რასაც ამ წერილში წერთ, ეს ერთდროულად სისტემის და საკუთარი თავის მხილებაა. თქვენ "გუშინდლამდე" ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყავით. მისი პრემიერ-მინისტრი იყავით, მისი ენით ლაპარაკობდით, მის გადაწყვეტილებებს იცავდით და დღესაც, როგორც ჩანს, ამავე სისტემის წესებით გიწევთ თამაში.
ამიტომ, როდესაც ამბობთ ა „ბოროტებას ჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“ - შეუძლებელია, კითხვა არ გაჩნდეს: ეს ბოროტება ახლა დაიწყო?
ციხეში ყველასთვის დევს ერთი აგური. ჩემთვისაც, თქვენთვისაც, სხვისთვისაც. ეგ არ არის მთავარი. მთავარი ისაა, როგორი ღირსებით მიხვალ იქამდე. თორემ უცოდველი არავინ ვართ - ეს მეც ვიცი.
და სწორედ ამიტომ არ მინდა თქვენი დაცინვა. არც თქვენი დღევანდელი მდგომარეობით ტკბობა მინდა. პირიქით - ადამიანურად მებრალებით. მაგრამ თანაგრძნობა წარსულს ვერ წაშლის. ამიტომ მე „სატანისტებზე“ მინდა მონანიება, ბატონო ირაკლი. იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ასე უწოდეთ. და არა მხოლოდ მათზე.
მინდა ერთხელ მაინც თქვათ, სად იყავით თავად, როდესაც ის „ბოროტება“, რომლის შესახებაც დღეს გვაფრთხილებთ, იქმნებოდა, ძლიერდებოდა და სისტემად ყალიბდებოდა. თუ ეს წერილი მართლაც სინანულის დასაწყისია - მაშინ ნახევარ გზაზე ნუ გაჩერდებით.
რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მხილება ზოგჯერ სხვისთვის ხელის გაშვერა კი არა, საკუთარი წარსულისკენ მიბრუნებაა“.