კახა კალაძე „დეზერტირების ბაზრობის“ გარემოვაჭრეების პროტესტს ეხმაურება
თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.
მოვაჭრეების პროტესტს თბილისის მერი კახა კალაძე დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდეომაზე გამოეხმაურა.
„გუშინ ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო. მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ტერიტორიის მოწესრიგების შესახებ. მოგეხსენებათ, ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო საკუთრება და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და დააზარალოს იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას. იქ არიან ადამიანები, რომელთაც უჭირთ, ყოველდღიურად შრომობენ. მათ თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ჩვენი მხრიდან კი ყოველგვარი ხელშეწყობა ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესსექტორის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოქალაქეები.
„ჩვენ კერძო საკუთრებას არ ვეხებით, კერძო საკუთრება ამ ქვეყანაში დაცულია. ის წლები ჩაბარდა წარსულს, როდესაც ეს ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. 2012 წლის შემდეგ გვაქვს სრულიად სხვა დამოკიდებულება. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესსექტორს, რომ ინვესტიციები განხორციელდეს, თუნდაც ეს კონკრეტული სივრცე მოწესრიგდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები. ამიტომ, მივმართავთ ბაზრის ადმინისტრაციას – უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე დაავალა თბილისის ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, ჩაერთოს პროცესში. ამასთან, მერის თქმით, დიდუბის რაიონის გამგეობის მხრიდან უკვე გაიმართა შეხვედრა ბაზრის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებთან.
კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ადგილზე დასაქმებულები რეაბილიტაციის პერიოდში სამუშაოს გარეშე არ დარჩნენ.
„დეზერტირების ბაზრობის“ გარემოვაჭრეები ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენებას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ მათ ერთადერთ შემოსავალსა და საარსებო წყაროს ართმევენ.
გარემოვაჭრეებს გუშინ დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ მოვაჭრეებმა განაცხადეს, გამგებლის განმარტებით, ბაზარს კერძო მფლობელი ჰყავს და მერიას ამ პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვს, თუმცა გელოვანისგან მიიღეს დაპირება, რომ მათ უშუალოდ დირექციასთან შეახვედრებს.
შპს „თბილისი მოლმა“ 14 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებული „კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, იწყება მასშტაბური გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები“.
კომპანიის განცხადებით, „ტერიტორიაზე განთავსებულმა მიწისქვეშა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მძიმე ამორტიზაციამ შექმნა მწვავე ავარიული სიტუაცია, რამაც გამოიწვია საკანალიზაციო შემკრები ჭების გაჭედვა და ტერიტორიის ფეკალური მასებით დატბორვა“.
შობა ყოვლადწმიდა დიდებული დედოფლისა ჩვენისა და მარადის ქალწულის ღვთისმშობელ მარიამისა