Society
    2026-09-24 | 11:58

    უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობაში სწავლის განახლება რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციაო სამუშაოების შემდეგ იქნება შესაძლებელი, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება

    უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობაში სწავლის განახლება რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციაო სამუშაოების შემდეგ იქნება შესაძლებელი, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება

    სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ.

    განათლების სამინისტროს ცნობით, კომისიის წევრებმა განიხილეს იმ სკოლების საკითხი, რომელთა შენობების მდგომარეობის შესახებ დასკვნები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. აღინიშნა, რომ სამინისტრო თითოეულ ასეთ სკოლასთან მიმართებით, შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასების მოთხოვნით, მიმართავს ექსპერტიზას და მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს.

    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე. 21-ე სკოლასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის დამაზუსტებელი შეფასების მიხედვით, შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში. სასწავლო პროცესის გაგრძელების პარალელურად, სკოლაში განხორციელდება არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში დაიწყებენ აღნიშნულ სამუშაოებს, რომლებიც ექსპერტების ზედამხედველობით განხორციელდება.

    რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, ექსპერტიზის მიერ შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასების თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არსებული დაზიანებების პირობებში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, მისაქციელში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს.

    „შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელმა შეფასებამ აჩვენა, რომ 21-ე საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად არის ჩასატარებელი, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამის შემდეგ მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებიან, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, შენობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგის პირობებში, გაგრძელდება. ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.

    რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, შენობის დაზიანების კატეგორიიდან გამომდინარე, არსებულ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს სწავლის ალტერნატიულ სკოლაში გაგრძელება შესთავაზა. პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მისაქციელში ახალი სკოლის მშენებლობას განახორციელებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

    სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შესაბამისი უწყებების სხვა წარმომადგენლები.

    Related Articles