Politics
    2026-09-24 | 14:44

    ევროკავშირის წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ გადადებას განცხადებით ეხმაურება

    ევროკავშირის წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ გადადებას განცხადებით ეხმაურება

    სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „კრეატიული კომპასი საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, რითაც ეხმაურება დანიის კულტურის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ფესტივალის გადადებასთან დაკავშირებით.

    ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა.

    „30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში – ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს.

    ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ დანიის კულტურის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო.

    ამასთან, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი იყო მუსიკოს „კორძის“ (ალექსანდრე კორძაია) გამოსვლაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ კონცერტი მუქარების გამო სერიოზული საფრთხის წინაშე იყო, ამიტომ იძულებული გახდა ის გაეუქმებინა.

    „მეგობრებო, იცით, რომ გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი ჩემი კონცერტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო.

    მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს.

    საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან.

    ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!“- განაცხადა მუსიკოსმა.

    22 სექტემბერს აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც, რომლის თქმითაც, „ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, გაემიჯნება თუ თანამონაწილე გახდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შეურაცხყოფის“.

    „ერთი მხრივ, არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გემოვნების ნიშნით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებს; ღონისძიებას ორგანიზებას უწევს „გორის კულტურული ცენტრი“, რომელიც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მონებს უწოდებს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზია საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტილება. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას. ეს ქცევა არის ექსტრემიზმი, ფაშიზმი. პოლიტიკური ნიშნით როდესაც ადამიანებს შემოსაზღვრავ, მონებს, უუფლებო არსებებს უწოდებ და ამაში შენ, როგორც ევროკავშირი, თანხობრივად ჩარეული ხარ – ასეთი ევროპა იყო ასი წლის წინ. ან ასი წლის წინანდელი ევროპის ღირებულების მატარებელია, ვინც აფინანსებს ფაშისტური სლოგანებისა და იდეოლოგიების ავტორებს, ან გაემიჯნებიან ამ ღონისძიება და ამ ადამიანებს. ასე რომ, ჩვენ ველოდებით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირის, თუ იმ დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც ჩართულია ამ ღონისძიებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.