ჩვენ საქართველოს განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტში გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა - შალვა პაპუაშვილი
სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა აფხაზეთის ომს, ვიხსენებთ იმ სისასტიკეს, რომელიც მაშინ ქართველმა ხალხმა და ჩვენმა ქვეყანამ განიცადა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გმირთა მემორიალთან განუცხადა.
„სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა აფხაზეთის ომს, ვიხსენებთ იმ სისასტიკეს, რომელიც მაშინ ქართველმა ხალხმა და ჩვენმა ქვეყანამ განიცადა. ამ დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ იმ ომებისა და დაპირისპირებების წიაღს, რომელშიც საქართველომ 90-იან წლებში შევიდა და რომელმაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარება შეაფერხა.
რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ მშვიდობის მიზანი და მნიშვნელობა, ის რომ ჩვენ 90-იან და 2000-იან წლებში ამდენი ომები და დაპირისპირება გადავიტანეთ, ჩვენი ქვეყანა ათეულობით წლით უკან დახია თავისი განვითარების გზაზე და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ხალხი და ხელისუფლება ბოლო 14 წელია ინარჩუნებს უწყვეტ მშვიდობას.
საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ოთხი ხელისუფლებიდან სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შეძლო საქართველოში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება. ეს ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ასევე გვაფიქრებს იმაზე, რომ ეს არ არის რაღაც ბუნებრივი მოცემულობა. საკმარისია გავიხედოთ ჩვენს გარშემო და მივხვდებით, რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა და ქართული საზოგადოების მხარდაჭერა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ საქართველოს განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტში გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.