დილიდან ვიწყებ შიმშილს ორი მოთხოვნით: მომეცით დედასთან დარეკვის უფლება; გამიკეთეთ დაზიანებულ მუხლზე ოპერაცია - თამაზ ელიზბარაშვილი
მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შიმშილობა დაიწყო ორი მოთხოვნით, მიეცეს დედასთან დარეკვის უფლება და დაზიანებულ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდეს.
„დღეს ორშაბათია, 28 სექტემბერი. სავარაუდოდ, უდედოდ გაზრდილმა პროკურორმა ამიკრძალა დედასთან სატელეფონო საუბარი. 84 წლის ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფი დედისთვის ჩემი ხმის გაგონება უებარი წამალია.
ჩემი დედის წამებას არ გაპატიებთ, დაველოდები ღმერთის რისხვას, რაც თქვენს ოჯახებს აუცილებლად დაატყდება ამ ბოროტებისთვის. როგორი სასაცილო და პატარა, ბოროტი კაცუნები ხართ, რომ ასეთი სიბინძურე მოიფიქრეთ, ლოგინად ჩავარდნილ, ავადმყოფ დედასთან სატელეფონო საუბარი ამიკრძალეთ.
დილიდან ვიწყებ შიმშილს ორი მოთხოვნით:
მომეცით დედასთან დარეკვის უფლება;
გამიკეთეთ დაზიანებულ მუხლზე ოპერაცია.
მუხლზე რომელზეც „TV- იმედის“ თანამშრომელმა იმ დღეს რესტორანში მომაყენა ფიზიკური დაზიანება, საოპერაციოა. ადვოკატმა მიიტანა ციხის უფროსთან შესაბამისი სამედიცინო ფორმა-100. მაქვს საშინელი ტკივილები, მაგრამ ციხის მთავარი ექიმისგან რეაგირება არის ნული. ალბათ, ისიც ჩაითრიეს ჩემი წამების ბინძურ საქმეში, მაგრამ ციხის ექიმი ვერ გაბედავდა ჩემ წამებას, რომ არ ჰქონდეს ამაზე „მწვანე შუქი“ იუსტიციის მინისტრისგან, პაატა სალიასაგან.
დღეს შიმშილის პირველი დღეა!“ - წერს ელიზბარაშვილი.