Politics
    2026-09-29 | 16:00

    შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის მიერ, 2026 წლის 25 სექტემბერს, წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას, რაც კანონითაა დადგენილი, - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, 1-ელ ოქტომბერს, რიყის პარკში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გეგმავდნენ, თუმცა შსს-სგან აქციის გამართვაზე უარი მიიღეს.

    როგორც უწყება განმარტავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს.

    ასევე, სამინისტროს განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან მათ მოძრაობას აფერხებს. შესაბამისად, სავალდებულოა პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ მონაცემებსა და საჭირო ინფორმაციას.

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის მიერ, 2026 წლის 25 სექტემბერს, წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი, კერძოდ:

    - განცხადებაში (გაფრთხილება) არ იყო აღნიშნული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;

    - ასევე, გაფრთხილებას ხელს არ აწერდა შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი ბესარიონ გედენიძე, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს.

    გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის მიერ, ირაკლი ფავლენიშვილს წერილობით განემარტა, რომ 2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი.

    ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები, შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აქციის ორგანიზატორებს მიეცათ მითითება განეხილათ შეკრება/მანიფესტაციის გამართვის ადგილისა ან/და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი“, - განმარტავს შსს.

    ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე“, რიყის პარკში, აქციის ჩატარებას გეგმავდნენ, თუმცა აქციის ჩატარებაზე შსს-გან პასუხად უარი მიიღეს.

    მისი თქმით, ამის მიუხედავად, 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე რიყის დოქებთან მაინც შეიკრიბებიან.