„ქართული ოცნება“ ვალდებულია გვერდიდან არ უყუროს ქართველი გლეხების გასაჭირს და დროებითი ღონისძიების სახით შეამციროს ან მთლიანად გააუქმოს აქციზის გადასახადი - თაზო დათუნაშვილი
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში დიზელის საწვავის გაძვირება ქართველი ფერმერებისა და გლეხებისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს ქმნის.
როგორც დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 14 წლის განმავლობაში დიზელის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაშინ როდესაც 2012 წელს ერთ-ერთი დაპირება საწვავის ფასის შემცირება იყო.
„უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში სხვადასხვა კატეგორიის დიზელის საწვავი 36-თეთრიდან 50-თეთრამდე გაიზარდა. მაგალითად, „გალფის“ ქსელში ევრო დიზელი 50 თეთრით გაძვირდა, „ჯიფორს“ ევრო დიზელი 48 თეთრით, „ვისოლის“ ქსელში ეკოდიზელი 46 თეთრით, ევრო დიზელი 47 თეთრით, ხოლო „სოკარის“ ქსელში ევრო 5 დიზელი 48 თეთრით, „ნანო ევრო 5“ დიზელი კი 36 თეთრით გაძვირდა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
მისივე თქმით, 2012 წლის მონაცემებთან შედარებით, დღეს მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა და ამ 14 წლის განმავლობაში დიზელის ფასი 2.60 ლარით არის გაზრდილი.
დათუნაშვილის განცხადებით, დიზელის გაძვირება პირდაპირ ზრდის იმ ხარჯებს, რომლებიც მევენახეებს, ფერმერებსა და გლეხებს მოსავლის მოყვანისა და აღების პროცესში აქვთ.
„როდესაც დიზელი ასე ძვირდება, ეს მასიურად აძვირებს ყველა იმ ხარჯს, რომელიც აქვს მევენახეს, ფერმერს ან ჩვეულებრივ გლეხს იმისთვის, რომ მთელი წლის დოვლათი დააგროვოს. ეს ფასი საბოლოოდ მხოლოდ ფერმერების ჯიბეზე არ აისახება, აისახება მთელი მოსახლეობის ჯიბეზე, იმიტომ, რომ მთელ სავაჭრო ჯაჭვში იზრდება ფასი და საბოლოოდ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასი იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლებ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ პროდუქციას, რომელიც დღეს ქართულ ბაზარზე დომინანტია“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მაღალი ხარჯების გამო ქართველი მევენახეები და გლეხები დგანან არჩევანის წინაშე, შეამცირონ დასამუშავებელი ფართობები, შეწყვიტონ კონკრეტული კულტურის წარმოება ან საერთოდ დატოვონ ეს საქმიანობა.
დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში დამუშავებული მიწის ფართობი 26%-ით შემცირდა.
„იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობაა, „ქართული ოცნება“ ვალდებულია გვერდიდან არ უყუროს ქართველი გლეხების გასაჭირს და დროებითი ღონისძიების სახით შეამციროს ან მთლიანად გააუქმოს აქციზის გადასახადი“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.