Society
    2026-10-05 | 14:25

    ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

    ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

    მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა და აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგა.

    პროექტის ფარგლებში ძველი, დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო რკინაბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდა.

    დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

    „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა დედაქალაქში. ეს არის ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე დიღმურაზე. აღნიშნულ პროექტს რეაბილიტაციას ვერ დავარქმევ, რადგან ფაქტობრივად, არსებული ხიდის სრული დემონტაჟი განხორციელდა და ახალი ხიდი აშენდა, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარი, რომელიც წინა ხიდის შემთხვევაში არ არსებობდა. ასევე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, ხიდი დაიხაზა და მისი გამოყენება დღეიდან უკვე შესაძლებელია. ამ პერიოდის განმავლობაში იყო გარკვეული დისკომფორტი, რადგან მოძრაობა შეზღუდული იყო და სამუშაოების დროს გადაადგილება ფერხდებოდა, თუმცა დღეიდან მოსახლებას აქვს საშუალება, აღნიშნული ხიდი გამოიყენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საჰაერო სადენები განთავსდა მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. პროექტი, რომლის ღირებულებამ ოთხი მილიონი ლარი შეადგინა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

    აღნიშნული საავტომობილო ხიდი ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ძველი, 64 მეტრი სიგრძის ლითონის ხიდი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველი ხდებოდა.