Politics
    2026-10-07 | 18:16

    ბრიუსელის შეფასებები ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენია - სალომე სამადაშვილი

    ბრიუსელის შეფასებები ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენია - სალომე სამადაშვილი

    „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად შეჩერებულია და ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს.

    როგორც სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ევროკომისიის გაფართოების საკითხებში კომისრის, მარტა კოსის შეფასება „უმძიმესი გზავნილია“ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთის წინაშე „მარტო და სრულიად დაუცველი“ რჩება.

    „საქართველო დღეს მხოლოდ ქაღალდზეა ევროპაში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ის განაჩენი, რაც ბრიუსელმა გამოუტანა ივანიშვილის რეჟიმს. ევროკომისარმა გაფართოების მიმართულებით, მარტა კოსმა გვითხრა, რომ რეალურად ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“, - განაცხადა სამადაშვილმა.

    მისი თქმით, რუსეთის ინტერესებშია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ამ კონტექსტში მან რუსეთის წარმომადგენლებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებები ერთმანეთს დაუკავშირა.

    „ცხადია, რუსეთის წარმომადგენლებს ძალიან უხარიათ შექმნილი ვითარება. ერთობლივი და სრულიად სინქრონიზებული გზავნილით, ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი: ერთი, ბატონი შალვა პაპუაშვილი საქართველოში და მეორე, რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, ბატონი კალუგინი მოსკოვში. სრულიად ერთი გზავნილით ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ შეესაბამება ქართველი ხალხის სუვერენულ ინტერესებს და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ეს ადასტურებს მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ სწორედ რუსეთის დაკვეთით გააუქმა ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მომავალი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

    სამადაშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკა ასევე ხელს უშლის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებას.

    „პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა შეუძლებელს გახდის, ცხადია, რაიმე პროგრესის მიღწევას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ესეც არის რუსეთის დავალება, რომ ჩვენი ევროპული მომავალი საბოლოოდ გაუქმდეს“, - აღნიშნა მან.

    სამადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეფერხებით საქართველო კარგავს შესაძლებლობას, ისარგებლოს ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამითა და ფონდებით, მათ შორის შრომის, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების რესურსებით.

    „რაც მთავარია, ჩვენ ვკარგავთ უსაფრთხოების ქოლგას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

    მისივე შეფასებით, ბრიუსელში გაკეთებული შეფასებები „ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენია“ და საქართველოს ევროპული მომავლის გაუქმებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

    „აუცილებლად დადგება დრო, როცა მათ მოუწევთ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

    შეგახსენებთ, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო „მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა“. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში აისახება.

    „როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა“, - განაცხადა კოსმა.

    ევროკომისრის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრიუსელის რეკომენდაციების გათვალისწინებისა და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში, საქართველო უკრაინის მსგავსად ომით განადგურებული ქვეყანა იქნებოდა.

    „ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.