Society
    2026-10-08 | 10:12

    რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ფაქტი საყურადღებოა, საქართველოში დიდი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სახელმწიფო შესაბამისი მზადყოფნის რეჟიმისთვის საჭირო პროტოკოლებს უნდა ამუშავებდეს - ამირან გამყრელიძე

    რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ფაქტი საყურადღებოა, საქართველოში დიდი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სახელმწიფო შესაბამისი მზადყოფნის რეჟიმისთვის საჭირო პროტოკოლებს უნდა ამუშავებდეს - ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ირკუტსკის რეგიონში არსებული ვითარება საყურადღებოა, თუმცა ქვეყანაში დიდი პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

    მისი თქმით, ირკუტსკის ოლქი შავი ჭირის მხრივ ენდემური რეგიონია და იქ დაავადების გადამტან მღრღნელებზე მონიტორინგი მიმდინარეობს.

    „ჯერ გაურკვეველია, რაც ირკუტსკის ინსტიტუტთან დაკავშირებით ხდება. მოგეხსენებათ, რუსეთში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტი ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტია, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებულ კვლევებში.

    ირკუტსკის ოლქი ბევრი ინფექციის, მათ შორის შავი ჭირისთვის, გახლავთ ენდემური რეგიონი, სადაც მიმდინარეობს დაკვირვება გადამტანებზე. მხედველობაში მაქვს მღრღნელები, რომელთაც შავი ჭირი გადააქვთ. ამ ინსტიტუტში მიმდინარეობს მუშაობა შავი ჭირის მონიტორინგზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

    მისივე თქმით, ოფიციალური ინფორმაციით, ირკუტსკის ინსტიტუტის თანამშრომელი დაუდგენელი გენეზის, არადიფერენცირებული გენეზის ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, თუმცა სხვადასხვა წყაროში მისი შესაძლო კორონავირუსით ინფიცირების შესახებაც არის საუბარი.

    ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა წყარო შესაძლო ფილტვისმიერ, ანუ ინჰალაციურ შავ ჭირზე მიუთითებს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

    „ძალიან ბევრი წყარო ამბობს, რომ აქ იყო სწორედ ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირი, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა“, - აღნიშნა მან.

    გამყრელიძის განმარტებით, შავი ჭირის შემთხვევების უმრავლესობა ბუბონურ ფორმას წარმოადგენს, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების შემთხვევაში, ეფექტურად ემორჩილება.

    „ბუბონური შავი ჭირის დროს სიკვდილიანობა 10%-ს არ სცილდება, ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირის დროს კი ეს ადის ძალიან მაღლა და შეიძლება 100%-მდეც ავიდეს“, - განაცხადა მან.

    მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია მეორე შესაძლო გარდაცვალების შესახებ დაუზუსტებელია და ეს შემთხვევა, მათ შორის რუსეთის ოფიციალური უწყებების მიერ, არ დასტურდება.

    გამყრელიძის ინფორმაციით, ვითარებას აკვირდებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და სხვადასხვა უსაფრთხოების უწყება.

    „ეს არის ბაქტერიული დაავადება და, რადგან ბაქტერიული დაავადებაა, ანტიბიოტიკოთერაპიას, განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფს, ამინოგლიკოზიდების ჯგუფს, კარგად ემორჩილება, თუ ადრეულ ეტაპზე დაისვა დიაგნოზი და ადრეულ ეტაპზე დაიწყო მკურნალობა“, - აღნიშნა მან.

    ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ თუ ირკუტსკიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენა არსებობს, ქვეყანაში შემომავალ მგზავრებთან დაკავშირებით საზღვრის კონტროლის შესაბამისი ზომების მიღება უნდა განიხილებოდეს.

    „რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე, ვფიქრობ, უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი. ეს ყველაფერი პროტოკოლი და ასე შემდეგ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს“, - განაცხადა მან.

    მისივე თქმით, საქართველოში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების გამო დიდი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სახელმწიფო შესაბამისი მზადყოფნის რეჟიმისთვის საჭირო პროტოკოლებს უნდა ამუშავებდეს.

    „დიდი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საყურადღებოა ის, რაც ხდება. დიდი ალბათობით, დღეს უკვე იციან შავი ჭირის პრევენცია და მკურნალობა, ანტიბიოტიკების არსებობის გამო. დიდი ალბათობით, დიდ პანდემიასთან საქმე არ უნდა გვქონდეს, მაგრამ საყურადღებოა და შესაბამისი მზადყოფნის რეჟიმთან დაკავშირებული პროტოკოლები უნდა იყოს დამუშავებული, რაც არსებობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

    Related Articles