Politics
    2026-10-13 | 13:16

    რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება და დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს - შალვა კერესელიძე

    რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება და დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს - შალვა კერესელიძე

    „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, შალვა კერესელიძის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

    როგორც კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის სანიტარული ნორმების დაცვის მოტივით დაწესებული შეზღუდვები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსული ბაზარი არასტაბილური, არასაიმედო და პოლიტიზებულია.

    „რუსეთის ფედერაციის მიერ ამოქმედებულმა ემბარგომ, ალბათ, მწარედ გამოვლილი წარსული გაგახსენათ. ევროპულ ბაზრებზე ქართული ღვინის კომპანიების შესუსტება და რუსულ ბაზარზე ხვედრითი წილის გაზრდა დიდ მიღწევად მიგაჩნდათ, რაც არასწორია იმდენად, რამდენადაც რუსული ბაზარი ყველაზე არასტაბილური, არასაიმედო და პოლიტიზებული ბაზარია“, – განაცხადა კერესელიძემ.

    მისი შეფასებით, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ისეთი სტრატეგიული დარგისთვის, როგორიც მეღვინეობაა, სახელმწიფოსა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული პრობლემაა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შეზღუდვები სხვა ქართულ პროდუქტებზეც, მათ შორის ციტრუსზე, ხილსა და ბოსტნეულზე დააწესოს.

    კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის საგარეო უწყების მოწოდებაზეც, საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმებთან სახელმწიფო საზღვრები დაადგინოს. მისი შეფასებით, ეს საქართველოს სამ სახელმწიფოდ დაშლის გაფორმების მოთხოვნას უტოლდება.

    „არის თუ არა ეს ქართული სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევა? – რა თქმა უნდა, არის. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვსმენია არცერთი საჯარო განცხადება, ბოდიშს და დანაშაულებრივ დუმილს თუ არ ჩავთვლით“, – განაცხადა დეპუტატმა.

    მისივე თქმით, ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ვერ შეძლო, პარალელურად კი გააუარესა ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოებთან.

    „მუდამ გახსოვდეთ, რაც მეტს დაუთმობთ, უფრო მეტს მოგთხოვთ. როგორც სჩვევია, არ დაგინდობთ, არასდროს!“ – აღნიშნა კერესელიძემ.

    დეპუტატის შეფასებით, რუსეთის ინტერესებში საქართველოს დასავლეთისგან ჩამოშორება და ქვეყანაში დემოკრატიის შესუსტებაა. მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად საქართველო ოკუპანტი რუსეთის წინაშე ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერის გარეშე რჩება.

    კერესელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეფასდება.

    მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერის სისხლისსამართლებრივი დევნა, პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესი, პოლიტპატიმრების არსებობა და განსხვავებული აზრის დევნა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარყოფითად აისახება.

    „ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირთან ურთიერთობას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა კერესელიძემ.

    მისივე შეფასებით, ხელისუფლებას შესაძლოა, ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხეების სიმძიმე სრულად გააზრებული არ ჰქონდეს, მაშინ როდესაც საკითხი მხოლოდ სავაჭრო შეზღუდვებს კი არა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ისტორიული ქართული მიწების დაცვასაც ეხება.