ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება - ვიქტორ ყიფიანი
პოლიტიკური გაერთიანება „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის შეჩერებისა და არჩევნების გზით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი, არსებითად, ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება“, — აცხადებს ყიფიანი.
მისი შეფასებით, ამგვარი ვითარების შედეგად ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციის რისკიც იზრდება.
ყიფიანი მოქმედ ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გააცნობიეროს მოსალოდნელი საფრთხეები და გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგები.
„მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში „გამარჯვებულ-დამარცხებულად“ დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა, განიავდება თვისობრივი განვითარებისათვის დღეს ჯერჯერობით კიდევ თუნდაც მცირედით არსებული რესურსი“, — აღნიშნავს ის.
ყიფიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური პროცესის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად დროული ნაბიჯები გადადგას.
„ერთად ვიზრუნოთ ჯერ საქართველოსათვის და არა ჯერ პარტიასა თუ საკუთარი თავისათვის. და სანამ დროა, შეჩერდით. მივცეთ ქვეყანას პოლიტიკურად სუნთქვის საშუალება“, — აცხადებს „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე.