გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია მონაწილეობდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ისაუბრეს დევნილი სტუდენტებისთვის არსებულ სტიპენდიებსა და ახალგაზრდების წახალისების სხვა შესაძლებლობებზე. ასევე განიხილეს სტუდენტების მხარდასაჭერად სამომავლოდ დაგეგმილი ახალი პროექტები.
„სტუდენტებთან შეხვედრაზე გაჟღერებულ ინიციატივებსა და იდეებს სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებთ, რათა დავნერგოთ და განვახორციელოთ მათ ინტერესებსა და პროფესიულ განვითარებაზე მორგებული პროგრამები“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა სტუმრებს მათთვის აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და მის მიზანს ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა და საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების გაცნობა წარმოადგენს.