Commentary
    2026-10-15 | 12:43

    სფერო არ დარჩა, საიდანაც „ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა კორუფციული გზებით თანხები არ მიითვისა -  გიგა ფარულავა

    სფერო არ დარჩა, საიდანაც „ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა კორუფციული გზებით თანხები არ მიითვისა -  გიგა ფარულავა

    „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი გიგა ფარულავა კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია კორუფციული გარიგებების შესაძლო არსებობას უკავშირდება.

    ფარულავას შეფასებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში კორუფციული გარიგებები სხვადასხვა სფეროში გამოვლინდა.

    „რაზეც იყო უშუალოდ საუბარი, ეს ეხებოდა პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციულ გარიგებას. სფერო არ დარჩა, საიდანაც „ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა კორუფციული გზებით თანხები არ მიითვისა“, — განაცხადა ფარულავამ.

    მისივე თქმით, კორუფციულ გარიგებებს ადგილი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს, საბავშვო ბაღებისა და უპოვართა სასადილოების შემთხვევებშიც. ფარულავას განცხადებით, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხებიც არამიზნობრივად იქნა გამოყენებული.

    დეპუტატის შეფასებით, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ იქნება. მისივე თქმით, შესაბამისმა უწყებებმა გავრცელებული ცნობებით უნდა დაინტერესდნენ.

    „რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ მძიმე ფაქტით, მაგრამ დაველოდოთ, რა შედეგი იქნება ამ შემთხვევაში, ვნახავთ“, — აღნიშნა ფარულავამ.

    ცნობისთვის, კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს, მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვასა და საკუთარი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.

    ოქიტაშვილი სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ის პროკურატურასა და აუდიტს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებასაც სთხოვს.