სისტემურ პოლიტიკურ კორუფციაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“ - გიორგი შარაშიძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი გიორგი შარაშიძე სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძისა და კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ ყოფილ მაღალჩინოსნებს არ უნდა დაეკისროთ და საკითხი სისტემურ პოლიტიკურ კორუფციას უკავშირდება.
შარაშიძის თქმით, საზოგადოებაში აღარ უკვირთ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიმართ წაყენებული ბრალდებები, თუმცა, მისი შეფასებით, თუ დადასტურდება, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად განკარგეს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე ბრალდება იქნება.
ჩვენ როცა ვამბობდით, რომ მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არ არის რომელიმე კონკრეტული მაღალჩინოსნის კორუფცია, არამედ მთავარი პრობლემა არის სისტემური პოლიტიკური კორუფცია და ამ სისტემურ პოლიტიკურ კორუფციაზე პასუხისმგებელი არის “ოცნება”და რამდენადაც არ უნდა ეცადოს, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანოს მხოლოდ მათ ყოფილ თანაგუნდელებზე, არ გამოვა ეს, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ, რომ სწორედ “ოცნება”, ანუ მთელი რეჟიმი არის პასუხისმგებელი აი, ამ კორუმპირებული მაღალჩინოსნების საქციელზე, მათ შორის ამ საქმეზე, რაც ჯერ გამოსაძიებელია, რა თქმა უნდა , მაგრამ თუ დადასტურდა, ეს უმძიმესი ბრალი იქნება “ოცნებისთვის”, - განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით პროკურატურას მიმართა და ყოფილი კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების განკარგვის საკითხის შესწავლა მოითხოვა.
ოქიტაშვილის განცხადებით, რუხაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დევნიდა და მათ პროექტებს ბლოკავდა, ხოლო მის მფარველად მამუკა მდინარაძეს ასახელებს. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირებმა მმართველ გუნდს ზიანი მიაყენეს და პროკურატურისგან საქმის გამოძიების დაწყებას ელოდება.