„საფრანგეთი საკუთარ თავს ეკითხება: ვინ ვართ ჩვენ? ანუ "თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა"- ახალი სამყაროს ზღურბლზე“ ანუ როგორ ეძებს ევროპა საკუთარ წარსულს მაშინ, როცა მომავალი უკვე კარზე უბრახუნებს - ბესიკ ლაგვილავა
ყოფილი პარლამენტარი, მწერალი ბესიკ ლაგვილავა სოციალურ ქსელში წერს:
“„საფრანგეთი საკუთარ თავს ეკითხება: ვინ ვართ ჩვენ? ანუ "თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა"- ახალი სამყაროს ზღურბლზე“ ანუ როგორ ეძებს ევროპა საკუთარ წარსულს მაშინ, როცა მომავალი უკვე კარზე უბრახუნებს.
დღეს, ევროპის ბევრი ქალაქის ქუჩები დემონსტრანტებით გაივსო... ზოგან დემინსტრაციები ორგანიზებულ ძალადობაში გადაიზარდა...
ბევრს გაუჩნდა კითხვა - რა ხდება საფრანგეთში? რა ხდება ევროპაში?
რატომ ივსება პარიზის, ბრიუსელისა და რომის ქუჩები მომიტინგეებით? რატომ ძლიერდებიან რადიკალური პოლიტიკური ძალები? რატომ იქცა მიგრაცია ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საკითხად?
რატომ უყურებს ევროპელი სულ უფრო ხშირად საკუთარ მეზობელს ეჭვით და საკუთარ მთავრობას - უნდობლობით?
ეს ყველაფერი მხოლოდ ევროპის პრობლემაა, თუ მთელი მსოფლიო დგას ისეთი ცვლილებების წინაშე, რომელთა მასშტაბებიც ჯერ ბოლომდე ვერ გაგვიცნობიერებია
და, ბოლოს, რატომ ხდება სულ უფრო პოპულარული პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს ჰპირდება, რომ ქვეყანას ძველ დიდებას დაუბრუნებს?
თითქოს, ყველაფერი მარტივია: ეკონომიკური კრიზისი, მიგრაცია, ინფლაცია, უმუშევრობა, პოლიტიკური ელიტების უუნარობა...
მაგრამ იქნებ საქმე გაცილებით რთულადაა?
იქნებ მთავარი საკითხი სულაც არ არის, თუ როგორ იცვლება პოლიტიკური ძალების თანაფარდობა, არამედ თავად წარმოდგენა იმაზე... ვინ ვართ ჩვენ?
საფრანგეთი ყოველთვის იყო ახალი სოციალურ-პოლიტიკური სისტემების აკვანი, რევოლუციის სამშობლო და ამიტომ შევეცადოთ ამ კითხვებს პასუხი საფრანგეთის მაგალითზე გავცეთ!
1789 წელს საფრანგეთმა, ფრანგულმა რევოილუციამ და განმანათლებლებმა, მსოფლიოს სამი სიტყვა აჩუქეს - "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა."
ეს ის სამი სიტყვაა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა.
და აი, ორ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ფრანგები კვლავ ცდილობენ გაარკვიონ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი... დღეს! ამ სიტყვებს სხვა აზრი ჰქონდათ ორი საუკუნის წინ და სხვა აზრი დღეს!
ახლა ამ კითხვებს კიდევ ერთი, გაცილებით უხერხული კითხვა დაემატა - ვინ არის ფრანგი? თქვენ გგონიათ მ,არტო ქართვეკლები სვამენ კითხვას, როცა საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები გამოდის სათამაშოდ - "ეს საფრანგეთის ნაკრებია თუ აფრიკის"?!
მაშ, ვინ არის დღეს ფრანგი?
- ის, ვისი წინაპრებიც საუკუნეების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდნენ?
- ის, ვინც საფრანგეთში დაიბადა?
- ის, ვისაც ფრანგული პასპორტი აქვს?
- თუ ის, ვინც თავს ფრანგად მიიჩნევს, ფრანგულად აზროვნებს, საფრანგეთის კანონებს ემორჩილება და ამ ქვეყნის მომავალს საკუთარ მომავალთან აიგივებს?
მაგალითად, ფრანგია - ალჟირული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე ახალგაზრდა, რომლის ბაბუა საფრანგეთში ნახევარი საუკუნის წინ ჩავიდა, თავად კი პარიზში დაიბადა, ფრანგულ სკოლაში სწავლობდა?
იურიდიულად - დიახ.
მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე - ბევრისთვის გვარი, კანის ფერი ან რელიგია პასპორტზე ბევრად მნიშვნელოვანია!
ამას საფუძვეკლი აქვს - მხოლოდ პასპორტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა საზოგადოების კულტურული ღირებულებები გაიზიაროს...
აი, ის კითხვები, რომლებსაც თანამედროვე საფრანგეთი ვეღარ გაურბის... ვერც ვერავინ გაექცევა! სხვათა შორის - ვერც ჩვენ!
საუკუნეების განმავლობაში ფრანგული რესპუბლიკა ადამიანს ეუბნებოდა - მნიშვნელოვანია არა ის თუ რა რასის, რელიგიის, გენეტიკის მატარებელი ხარ, არამედ მთავარია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ!
ახლა კი ზოგიერთი პოლიტიკოსი მოქალაქის რასის, გენეტიკის, სარწმუნოების მოკვლევას იწყებს!
განწყობები ისეთია, რომ, შესაძლოა, ახლო მომავალში, მოქალაქეობის მისაღებად პრეტენდენტს დაბადების მოწმობასთან ერთად გენეალოგიური ხის "წარმოდგენაც" დასჭირდეს.
სასურველია, ფესვები კარლოს დიდის ან კიდევ უკეთესი გალების ეპოქამდე ჩადიოდეს!
თუმცა, კაცმა რომ თქვას, მაშინ ევროპელთა ნახევარს საკუთარი ეროვნული წარმომავლობის დამტკიცება გაუჭირდება... არ გეგინით, რომ ეს მხოლოდ ფრანგის პრობლემა იქნება... რუსეთში გენეტიკური კოდის კვლევები რომ დაიწყო, აღმოჩნდება, რომ რუსების უდიდეს ნაწილს გენეტიკურად მეტი საერთო ექნება ჩინგის ხანის შთამომავლებთან, ვიდრე ივანე მრისხანეს მიერ დედაბუდიანად ამოხოცილ ნოვგოროდელ სლავებთან...
საფრანგეთის ისტორია, როგორც "ტრადიციული" ნებისმიერი ერის, მათ შორის, ქართველების ისტორია, თავად არის ხალხთა, ენათა და კულტურათა ხანგრძლივი ურთიერთშერწყმის ისტორია.
ვინ არის დღეს გერმანელი? ვინ არის იტალიელი? ვინ არის ბრიტანელი? და საერთოდ, ვინ არის ევროპელი?
არა მხოლოდ ევროპელი... ვიეტნამელი, ჩინელი ინდოელი... ვიცით, რომ ოფიციალურ სახელმწიფო ენა ჰინდი- ინდოელთა მხოლოდ მესამედისთვის არის მშობლიური ენა?
ევროპა, რომელიც ოდესღაც მილიონობით ადამიანს სხვა კონტინენტებზე გზავნიდა და რომელმაც შექმნა თანამედროვე ამერიკული ცივილიზაცია კანადიდან - ჩილემდე, დღეს ცდილობს გაარკვიოს, როგორ იცხოვროს მილიონობით ადამიანთან, რომლებიც სხვა კონტინენტებიდან მასთან მოვიდნენ.
ისტორიის იუმორის გრძნობას ნამდვილად ვერ დაუწუნებ!
საუკუნეების განმავლობაში ევროპელები მსოფლიოს ასწავლიდნენ, როგორ უნდა ეცხოვრა. ახლა თავად ვერ გარკვეულან, როგორ იცხოვრონ...
მარინ ლე პენის პოლიტიკური მოძრაობის გაძლიერებაც ამ პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
მისი მომხრეები ეროვნული იდენტობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე საუბრობენ. ხოლო მოწინააღმდეგენი შიშობენ, რომ ამ გზით მოქალაქეთა თანასწორობა შეიძლება დაზიანდეს.
მემარცხენეები სოციალურ სამართლიანობაზე მსჯელობენ, მემარჯვენეები - ეროვნული იდენტობის გადარჩენაზე.
ერთნი მომავალს ეძებენ, მეორენი წარსულს დაეძებენ.
ოღონდ ორივეს ერთი უხერხული პრობლემა აქვს:
მსოფლიო, რომლის შენარჩუნებასაც ერთნი ცდილობენ და რომლის დაბრუნებასაც მეორენი გვპირდებიან... უკვე აღარ არსებობს!
ეს არის მთავარი!
და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო.
ჩვენ ხომ მხოლოდ პოლიტიკური კრიზისების ეპოქაში არ ვცხოვრობთ!
ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც არა მარტო ეკონომიკას, არამედ თავად ადამიანის ადგილს ცვლის სამყაროში!
სამრეწველო რევოლუციამ ადამიანს ფიზიკური შრომის მონოპოლია წაართვა.
ხელოვნური ინტელექტი - მის ინტელექტუალურ უპირატესობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
და კაცობრიობა სრულიად ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა - რა უნდა აკეთოს ადამიანმა სამყაროში, სადაც მანქანას შეუძლია მის ნაცვლად არა მხოლოდ მუშაობა, არამედ ფიქრიც?
მიწა - გლ;ეხებს! ფაბრიკა-ქარხნები - მუშებს! ცოდნა - ინტელიგენციას! - დაიზახა ერთმა კაცობრიობის დაუმარხავმა მტერმა!
ახლა კი რას უნდა წარმოადგენდეს ადამიანი, თუ ცოდნაც, შრომაც და გადაწყვეტილების მიღებაც სულ უფრო მეტად მანქანების ხელში აღმოჩნდება?
ვინ შექმნის სიმდიდრეს? ვინ მიიღებს მას? ვინ გადაიხდის გადასახადებს? ვის ექნება სამუშაო და ვის მხოლოდ... "თავისუფალი დრო"?
და საერთოდ, რა ეღირება ადამიანის შრომა, თუ მანქანა იმავე საქმეს გაცილებით იაფად შეასრულებს?
აი, სწორედ ამ დროს ევროპელი პოლიტიკოსები ამომრჩევლებს ჰპირდებიან, რომ ყველაფერს მოაგვარებენ.
ერთი მიგრანტების რაოდენობას შეამცირებს, მეორე პენსიებს გაზრდის, მესამე გადასახადებს დაწევს... მეოთხე, ალბათ, ხელოვნურ ინტელექტსაც აუკრძალავს საფრანგეთში მუშაობას, თუ მისი დიდი ბაბუა ფრანგი არ აღმოჩნდა!
ევროპის პარლამენტებში ჯერ კიდევ გუშინდელ პრობლემებზე კამათობენ, მაშინ როცა ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში ხვალინდელი სამყაროს საფუძვლები იქმნება.
პოლიტიკოსები საზღვრების გამაგრებაზე მსჯელობენ, ალგორითმები კი ამ საზღვრებს ყოველდღიურად ისე კვეთენ, პასპორტის ჩვენებასაც არავინ სთხოვს. და ვერავინ მოსთხოვს!
სახელმწიფოები სუვერენიტეტის განმტკიცებას ცდილობენ, მაგრამ უკვე გაჩნდა სრულიად ახალი კითხვა:
ვინ იქნება ხვალ უფრო გავლენიანი - მილიონობით მოქალაქის მიერ არჩეული პარლამენტი თუ რამდენიმე ტექნოლოგიური კორპორაციის ხელმძღვანელი?
და თუ სახელმწიფოს აღარ ექნება საკმარისი ძალაუფლება ეკონომიკურ, საინფორმაციო და ტექნოლოგიურ პროცესებზე, რა შინაარსი და მმნიშვნელობა დარჩება თავად სახელმწიფო სუვერენიტეტს?
აი, აქ არის მთელი ეპოქის პარადოქსი:
კაცობრიობა სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იძენს ბუნებაზე, გარემოზე და სულ უფრო ნაკლებად არის დარწმუნებული, რომ ... საკუთარ მომავალს გააკონტროლებს!!
ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ძველი პოლიტიკური წესრიგი იმ სამყაროში, რომელიც თვალსა და ხელს შუა იცვლება.
და თუ ადრე ისტორიული ეპოქები თაობებთან ერთად იცვლებოდა, ახლა შეიძლება ერთი ადამიანის სიცოცხლეში რამდენიმე სრულიად განსხვავებული სამყარო გამოიცვალოს.
მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც მოესწრო - ცივ ომს, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაინგრა ერთი იმპერია, როგორ გაქრა მთელი პოლიტიკური სისტემა და როგორ შეცვალა კომპიუტერმა, ინტერნეტმა და მობილურმა ტელეფონმა ყოველდღიური ცხოვრება....
როცა აქტიურად ვიყავი ჩართული ეროვნულ მოძრაობაში და შემდეგ სამოქალაქო ომის შედეგების აღმოფხვრაში, ჩვენ გვეგონა, რომ დიდი ცვლილებები უკვე გამოვიარეთ.
აღმოჩნდა, რომ... ეს მხოლოდ რეპეტიცია ყოფილა! ადრე იტყოდნენ - ეს "ჟურნალი" იყო - კინო აწი იწყება!
ახლა იმ კინოს პრემიერას ველოდებით, რომლის სცენარი ჯერ არავის დაუწერია და რომელშიც, შესაძლოა... მეორეხარისხოვანი როლიც აღარ შეგვხვდეს... ეპიიზოდებში თუ ვიქნებით სადმე!
ამიტომაც მგონია, რომ საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება გაცილებით დიდი ისტორიული პროცესის მხოლოდ ერთი ეპიზოდია.
ეს არის ძველი სამყაროს მცდელობა, გაიგოს, რა ემართება მას, მაგრამ ყველაზე მძიმე ისაა, რომ ახალი სამყარო ჯერ არავის უნახავს და არამარტო ხალხს - პოლიტკურ ელიტასაც ვერ გაურკვევია, რას გვიქადის ხვალინდელი დღე!
გარკვეულ სოციალურ და ეკონომიკურ მოთხოვნებთან ერთად, ადამიანები გრძნობენ გაუცნობიერებელ შიშებს, აქვს მოთხოვნილება რაღაცის შეცვლის მაგრამ ჯერ ვერ მიმხვდარა, რა ხდება მის თავს...
პოლიტიკუირ ელიტის ჩათვლით ძალიან ცოტამ თუ იცის, უფრო თავისუფალი იქნება თუ უფრო კონტროლირებადი. უფრო მდიდარი თუ კიდევ უფრო უთანასწორო.
რაც მთავარია, სრულიად გაურკვეველია, იქნება თუ არა ადამიანი ტექნოლოგიური პროგრესის მთავარი ბენეფიციარი, თუ თავად გადაიქცევა იმ სისტემის დანამატად, რომელიც საკუთარი ხელით შექმნა?!
და იქნებ მომავალში, როცა ჩვენი შვილიშვილები დღევანდელ პოლიტიკურ დაპირისპირებებს გადახედავენ, გაუკვირდეთ კიდეც:
- კაცობრიობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში შედიოდა, ეს სასაცილო და სულელი ხალხი კი ჯერ კიდევ იმას არკვევდა, ვისი ბაბუა საიდან ჩამოვიდაო?!
ჩვენ მომავლის სამყაროს ჯერ ვერ ვიცნობთ... მე ამაზე გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო რომანს ვქმნი... და ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს დღევანდელ ქაოსსაც ნოსტალგიით გავიხსენებთ.
პარიზის ქუჩის დემონსტრაციები, ბრიუსელის პოლიტიკური კრიზისები, მემარცხენეებისა და მემარჯვენეების დაპირისპირება, არჩევნები, გაფიცვები, ეკონომიკური სკანდალები, ტრამპები და პუტინები...
და ვიღაცამ თქვას:
- გახსოვთ, რა გიჟური დრო იყო?
მეორემ კი უპასუხოს:
- კი, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ადამიანები წყვეტდნენ, ვინ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი!
გგონიათ აბსურდია? სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი, არეული, დაპირისპირებული, ტურბულენტური მსოფლიოც კი მალე სანატრელი გაგვიხდება.
მე ვიცი, რომ ეს აბსურდი არ არის... მაგრამ მაინც ამის დიდი იმედი მაქვს!
არა იმიტომ, რომ ეს ეპოქა კარგი იყო... არამედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გვესმოდა მისი წესები.
და რაც მთავარია, ჯერ კიდევ გვეგონა, რომ ამ სამყაროს მთავარი მოქმედი პირები ჩვენ ვიყავით!”