Commentary
    2026-10-19 | 17:18

    ვახო სანაია ჟურნალისტი რომ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ენაზე მოადგება და რასაც განზრახ დანაშაულის ჩადენა ჰქვია, ის შევარჩინოთ -  გია ვოლსკი

    ვახო სანაია ჟურნალისტი რომ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ენაზე მოადგება და რასაც განზრახ დანაშაულის ჩადენა ჰქვია, ის შევარჩინოთ -  გია ვოლსკი

    პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჟურნალისტის სტატუსი კანონდარღვევისგან არ ათავისუფლებს.

    „ვახო სანაია ჟურნალისტი რომ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ენაზე მოადგება და რასაც განზრახ დანაშაულის ჩადენა ჰქვია, ის შევარჩინოთ. სახელმწიფოზეა ლაპარაკი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    მისი თქმით, დაუშვებელია, ადამიანს, იქნება ის ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე, ისეთი ქმედება შერჩეს, რომელიც, მისი შეფასებით, საზოგადოებაში უნდობლობისა და დაპირისპირების გაღვივებას ისახავს მიზნად.

    ვოლსკის მტკიცებით, სანაია კონკრეტული ანაზღაურებისა და პოლიტიკური მიზნების გამო მოქმედებს და ცდილობს, კანონის წინააღმდეგ წასვლის საფუძველზე პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მოიპოვოს.

    „ეს არის მისი ამოცანა, მაგრამ ამ ამოცანის უკან გარკვეული ბოროტი გეგმაა – დაარღვიე კანონი და შემდეგ თავს უწოდე პოლიტიკური პატიმარი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ასევე გამოეხმაურა მზია ამაღლობელის საკითხს და განაცხადა, რომ სანაიას შემთხვევაშიც შესაძლოა, დაკავებას პოლიტიკური შეფასებები და საერთაშორისო ჯილდოები მოჰყვეს.

    ცნობისთვის: ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დღეს დააკავეს. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

    სანაია სასამართლო პროცესს არ დასწრებია და აცხადებს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“.

    ეს ჟურნალისტის დაკავების მეორე შემთხვევაა. მანამდე, 22 ივლისს გამოქვეყნებული პოსტის გამო, მას 14-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.