Regions
    2026-10-20 | 11:59

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში  უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში  უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

    სოფელ ლეღვაში ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა უკანონოდ დამონტაჟებული.

    სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო კლიპტომერიის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

    ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.  

    უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამკაცრებულია სანქციებიც. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

    მიმდინარე წლის 9 თვეში დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი. დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. 

    რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 285 სამართალდარღვევა სამოქმედო ტერიტორიაზე აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.

    9 თვეში აჭარაში დალუქულია 11 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

    ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.