ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც განიხილება სამართლებრივი საკითხი სასამართლოში, პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ჯერ წაიკითხოს სარჩელი, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გააკეთონ კომენტარები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
ყველამ კეთილი უნდა ინებოს, წაიკითხოს სარჩელი და თუ სარჩელში რამე ხელოვნურს ხედავს, ამაზე გააკეთოს კომენტარი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - წაიკითხონ შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს და გააკეთონ კომენტარები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და თუ ვინმე დაინახავს სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს გადაწყვეტილების ტექსტში, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ სამართლებრივი კომენტარები გააკეთონ.
„ყველა უნდა მოერიდოს ჩარევას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესო არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლის უზენაესობა და ამ მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ყურადღებიანი. როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა, ბუნებრივია. სამართლებრივი პროცესია, მართლმსაჯულება განიხილავს ამ ყველაფერს და როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულებას, ყველამ უნდა შეიკავოს თავი რაიმე წინასწარი კომენტარისგან. ყველას შეუძლია, როდესაც გამოქვეყნდება გადაწყვეტილება, წაიკითხოს გადაწყვეტილების შინაარსი, როგორი ფორმისაც არ უნდა იყოს და როგორი შინაარსისაც და კეთილი ინებონ და მერე გააკეთონ კომენტარები. ოღონდ აქაც კომენტარები გააკეთონ გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით და არა ზოგადად. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც განიხილება სამართლებრივი საკითხი სასამართლოში, პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, უნდა წაიკითხოს შინაარსი. სარჩელზე არავინ საუბრობს, იქნებ რა წერია, არ წაუკითხავთ ეს სარჩელი, სარჩელზე კი არ საუბრობენ, ზოგად განცხადებებს აკეთებენ. ზოგადი განცხადება არის აშკარა და უხეში პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ადამიანის უფლებებში არსებობს ასეთი ტერმინები - უფლების შეზღუდვა და უფლების შელახვა. უფლების შეზღუდვა არის ნებისმიერი რამე. როდესაც ადამიანი კაცს მოკლავს და მას იჭერ, მას უზღუდავ თავისუფლების ძირითად უფლებას. მთავარია, არ უნდა შეელახოს უფლება. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში პარტია იკრძალება, ეს არის კონკრეტული ძირითადი უფლების შეზღუდვა, მაგრამ შეზღუდვა შეიძლება იყოს გამართლებული. თუ შეზღუდვა გამართლებულია, ამ შემთხვევაში კონსტიტუცია არის დაცული. ეს სახელმძღვანელოებში წერია, ასე ასწავლიან პირველ კურსზე ადამიანის უფლებებს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. შუამდგომლობები ეხებოდა მოსამართლეების აცილებას. ისეთი მოუმზადებელი იყო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, რომ ბატონი თევდორაშვილი ეგონა მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მიერ იყო დანიშნული. სალომე ზურაბიშვილმა თან იმ დროს დანიშნა, როდესაც უკვე ლეგიტიმური იყო მათი გადმოსახედიდან, თორემ მანამდე ხომ არ იყო ლეგიტიმური და მერე გახდა ლეგიტიმური და როცა ლეგიტიმური იყო უკვე სალომე ზურაბიშვილი, მაშინ დანიშნა ბატონი თევდორაშვილი. ამიტომ აქაც კი ნახეთ, რამხელა არაპროფესიონალიზმს და მოუმზადებლობას ავლენენ ეს ადამიანები“, - განაცხადა პრემიერმა.