Regions
    2026-10-23 | 13:14

    სახალხო დამცველი ნერგეეთისა და ოფურჩხეთის მოსახლეობას შეხვდა

    სახალხო დამცველი ნერგეეთისა და ოფურჩხეთის მოსახლეობას შეხვდა

    საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე და აპარატის წარმომადგენლები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

    საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრებზე მათ ადგილობრივებს სახალხო დამცველის საქმიანობა გააცნეს და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.

    „ნერგეეთში მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე. ადგილობრივების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მიერ რეაბილიტირებული ამბულატორია ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ შესულა და სოფელში ამბულატორია არ ფუნქციონირებს. შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა 2024 წელს განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ დასახლების გეოლოგიური საფრთხეების საფუძვლიანი შესწავლის საჭიროება.

    ადგილობრივებმა ისაუბრეს სკოლის რეაბილიტაციისა და ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობის აუცილებლობაზე. მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვნად დასახელდა სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამების ამოქმედებაც.

    სოფელ ოფურჩხეთში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გრანიტის ღია წესით მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო. მოსახლეობა მიუთითებს სალიცენზიო პირობების არაერთგზის დარღვევასა და გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე. ადგილობრივები სასმელი წყლის დაბინძურებასაც გრანიტის მოპოვებას უკავშირებენ.

    მოსახლეობამ ასევე ისაუბრა არასტაბილურ ენერგომომარაგებაზე, რასაც, მათი ინფორმაციით, ტყის მასივში მდებარე ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ხშირი დაზიანება იწვევს. ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება განსაკუთრებით მძიმეა ზამთარში და ადგილობრივი საბავშვო ბაღის მუშაობის ხშირ შეწყვეტასაც განაპირობებს.

    შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის დასახელებულ საკითხებს და მათი ადვოკატირების მიზნით შესაბამის უწყებებთან გააგრძელებს მუშაობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.