Politics
    2026-10-26 | 18:31

    აღსანიშნავია მოსარჩელე მხარის ორმაგი სტანდარტი, როცა სხვას ბრალს სდებენ იმაში, რასაც თავად აკეთებენ ყოველდღიურად - ზაზა ბიბილაშვილი

    აღსანიშნავია მოსარჩელე მხარის ორმაგი სტანდარტი, როცა სხვას ბრალს სდებენ იმაში, რასაც თავად აკეთებენ ყოველდღიურად - ზაზა ბიბილაშვილი

    საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა მოსარჩელე მხარე ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს იმ ქმედებებში ადანაშაულებენ, რომლებსაც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ.

    ბიბილაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა სტანდარტით უნდა განისაზღვროს, როგორი ოპოზიციაა მისაღები მოსარჩელე მხარისთვის, თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება.

    „ეს სარჩელი რომ დაკმაყოფილდება, რა იქნება ის სტანდარტი, რომელსაც მოსარჩელე მხარე თავისი იდეალური ხედვით შესთავაზებს ქართველ ხალხს? ამიტომ, გავიაროთ, როგორ ოპოზიციას ისურვებდა მოსარჩელე მხარე ჩვენი ქვეყნისთვის — ისეთ ოპოზიციას, როგორიც, მაგალითად, ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე იყო 1991 წელს ზვიად გამსახურდიასთვის?! შეგახსენებთ, ის იყო იმ პოლიტიკური ბანაკის აქტიური წევრი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა სამხედრო გადატრიალებას“, — განაცხადა ბიბილაშვილმა.

    მისივე თქმით, კითხვები არსებობს 2007 წლის მოვლენებთან დაკავშირებითაც. ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობად არ მიიჩნევდა, მაშინ როდესაც 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს ამგვარ შეფასებას აძლევს.

    „აღსანიშნავია მოსარჩელე მხარის ორმაგი სტანდარტი, როცა სხვას ბრალს სდებენ იმაში, რასაც თავად აკეთებენ ყოველდღიურად“, — აღნიშნა მან.

    ბიბილაშვილმა ორმაგი სტანდარტის მაგალითად უცხო ქვეყნის დიპლომატებთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრების საკითხიც დაასახელა. მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციის მსგავს შეხვედრებს გარე ძალებისგან ინსტრუქციების მიღებად აფასებენ, თუმცა თავადაც მართავენ შეხვედრებს უცხოელ დიპლომატებთან.

    „გამოდის სარჩელზე ხელმომწერი ერთ-ერთი დეპუტატი და ამბობს, რომ ეს არის ინსტრუქციების მიღება და გარე ძალების მორჩილება. გაგიკვირდებათ და იმავე დღეს, სარჩელზე ხელმომწერი მეორე დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე ხვდება უცხო ქვეყნის ორ ელჩს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს პრობლემას არც „გარე ძალების“ ინსტრუქციების მიღებას და არც ინსტრუქციების მიღებას“, — განაცხადა ბიბილაშვილმა.