თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში10 ნიამორი გაუშვეს
სახეობათა აღდგენის პროგრამის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თბილისის ზოოპარკის სპეციალისტებმა თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში 10 ნიამორი გაუშვეს.
ღონისძიება ნიამორის აღდგენის ეროვნული გეგმის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, თბილისის ზოოპარკის მხარდაჭერით, ახორციელებს. პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში ნიამორის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის ჩამოყალიბება და სახეობის ისტორიული გავრცელების არეალში აღდგენის ხელშეწყობა. ნიამორების ველურ ბუნებაში გაშვებისთვის შეირჩა თეთრობის აღკვეთილი — დაცული ტერიტორია, რომელიც სახეობის ბუნებრივი გავრცელების ისტორიული არეალის ნაწილია.
გეგმის საწყის ეტაპზე უპირატესობა თბილისის ზოოპარკში არსებული პოპულაციიდან ინდივიდების რეინტროდუქციას მიენიჭა. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს ნიამორის ველურ ბუნებაში ეტაპობრივ დაბრუნებასა და მისი მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბებას.
ნიამორი საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სახეობის აღდგენა ხელს შეუწყობს მის გრძელვადიან შენარჩუნებას, გენეტიკური მდგრადობის გაძლიერებასა და ბუნებრივ ჰაბიტატებში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას.
ველურ ბუნებაში გაშვების შემდეგ ნიამორებზე მუდმივ მონიტორინგს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, განახორციელებს.
მონიტორინგის ფარგლებში სპეციალისტები დააკვირდებიან ცხოველების გადაადგილებას, შეაფასებენ მათ ადაპტაციას ბუნებრივ გარემოში, ასევე პოპულაციის რიცხოვნობასა და დინამიკას. დაკვირვებისთვის გამოყენებული იქნება GPS საყელურები, ფოტოხაფანგები და დრონებით მონიტორინგის თანამედროვე მეთოდები.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.