სოკრატეს "საცერი" და პარტიების აკრძალვა საქართველოში - კახა გოგოლაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს საქართველოს საზოგადოება აღელვებულია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესით, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ეხება. ამგვარი სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებთან და პარტიების აკრძალვის აუცილებლობასთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. საკითხი მხოლოდ კონკრეტული პარტიების ბედს კი არა, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმისა და კონსტიტუციური უფლებების დაცვასაც ეხება.
ამ პროცესმა ერთი ცნობილი იგავი გამახსენა, რომელსაც სოკრატეს მიაწერენ. მართალია, მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის, მაგრამ იგი პლატონისეული დიალოგის სულისკვეთებას კარგად გადმოსცემს.
ერთხელ სოკრატესთან მისი ნაცნობი მივიდა და უთხრა:
- იცი, შენს მეგობარზე რა გავიგე?
სოკრატემ შეაჩერა:
- მოიცადე, სანამ მომიყვები, მოდი, შენი ამბავი სამ საცერში გავატაროთ - სიმართლის, სიკეთისა და სარგებლიანობისო. ჯერ მითხარი, ნამდვილად იცი, რომ ეს ამბავი სიმართლეა?
- არა, თავად არ შემიმოწმებია, უბრალოდ ასე გავიგე, - უპასუხა ნაცნობმა.
- კარგი. ახლა მეორე საცერი გამოვიყენოთ. ის, რისი მოყოლაც გინდა, რაიმე სიკეთეს ემსახურება? კეთილი ამბავია?
ნაცნობი შეყოვნდა და აღიარა, რომ არც ამაში იყო დარწმუნებული.
- მაშინ მესამე საცერიც ვცადოთ, - განაგრძო სოკრატემ. - ამ ამბის გაგება მე, შენ ან ვინმე სხვას რაიმე სარგებელს მოუტანს?
ნაცნობმა ამ კითხვაზეც უარყოფითად უპასუხა.
- ჰოდა, - დაასკვნა სოკრატემ, - თუ არ იცი, სიმართლეა თუ არა, არც სიკეთეს ემსახურება და არც რაიმე სარგებელი მოაქვს, მაშინ რატომ უნდა მომიყვე?
წარმოვიდგინოთ საკონსტიტუციო სასამრთლოში ერთი სოკრატე მაინც რომ მჯდარიყო, რა "საცერში" გაატარებდა მის მიერ განსახილველად შემოტანილ სარჩელს, მაგალითად:
- ადასტურებს თუ არა მტკიცებულებები თითოეული პარტიის კონკრეტულ არაკონსტიტუციურ საქმიანობას?
- შეიძლება თუ არა წარსული ხელისუფლების თანამდებობის პირთა მოქმედებები ავტომატურად მიეწეროს დღეს არსებულ სხვა პოლიტიკურ პარტიებს?
- არსებობს თუ არა ისეთი რეალური საფრთხე, რომელიც პარტიის აკრძალვას აუცილებელ და პროპორციულ ღონისძიებად აქცევს?
ამ კითხვებზე კი, ჰიპოთეტურ საქართველოში, ოცნების წარმომადგენელი ალბათ სოკრატეს იმ ნაცნობივით ყველაფერზე მხრების აჩეჩვით უპასუხებდა რომ "დარწმუნებული არ არის". ჰოდა, საქმესაც ისივე არ მიეცემოდა სვლა, როგორც სოკრატეს აღარ მოუსმენია იმ თავის ნაცნობისთვის.
სამწუხაროდ, სოკრატეს ძველ საბერძნეთში, პირდაპირი დემოკრატიის სამშობლოშიც კი ნაკლებად უსმენდნენ გადაწყვეტილების მიმღებნი და "ძლიერნი ამა ქვეყნისა" და აქ რისი იმედი უნდა გვქონდეს? არ ვიცი”.