ფიზიკის სასწაული მართლმსაჯულების სასწორზე, სადაც - 570 ლარი, მილიონებზე მეტს იწონის - ბესიკ ლაგვილავა
ყოფილი პარლამენტარი ბესიკ ლაგვილავა სოციალურ ქსელში წერს:
„პარადოქსი:
ფიზიკის სასწაული მართლმსაჯულების სასწორზე, სადაც - 570 ლარი, მილიონებზე მეტს იწონის!
ანუ, როცა პლაკატი... ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე მეტი ღირს!
რამდენიმე შემთხვევის გარდა, ელენე ხოშტარია არასოდეს ყოფილა ჩემი პოლიტიკური სიმპათიის ობიექტი. მეტიც, წარმოდგენაც არ მაქვს მის იდეოლოგიაზე. მართალი რომ ვთქვა, არც კი დავინტერესებულვარ!
მაგრამ, დღეს ფბ-ში ნანახმა უმძიმესმა კადრებმა, როგორ შეყავთ საავადმყოფოში ინვალიდის სავარძლით ადამიანი, რომელიც ციხეში საკუთარი ფეხით შევიდა და ეს ყველაფერი... პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო, უბრალოდ, გული დამწყვიტა...
გამახსენდა არჩევნები.. ის "პლაკატების ომით" იწყებოდა... ერთი პარტიის გაკრულ პლაკატებს მეორე პარტიის წარმომადგენლები ხევდნენ... თვალებს თხრიდნენ, ზედ რაღაცეებს ახატავდნენ... ეს ყველა ადამიანი რომ დაეჭირათ, ყველა სხვა პატიმარი, მათ შორის, ყველა მკვლელიც უნდა გაეშვათ, რადგან ციხეები ვერ დაიტევდა ამდენ პატიმარს...
ხოშტარიას პოლიტიკურ პლატფორმას ზერელედ ვიცნობ, მაგრამ კარგად მახსოვს 2019 წლის ივნისი. ესპანეთში ვისვენებდი, როცა ზღვაზე საცურაოდ წასვლამდე, ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა ლეპტოპზე მიჩვენა, როგორ მოკალათებულიყო რუსი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში!
შემდეგ, მახსოვს, აღშფოთებული ელენე ხოშტარიაც... მისი აღშფოთება სამართლიანი იყო!
შვიდი წელი გავიდა. დღეს ხოშტარია ციხეშია! დანაშაული? საარჩევნო პლაკატზე წარწერა... მიყენებული ზიანი - 570 ლარი!
ამ "საშინელი დანაშაულისთვის" მოსამართლე გიორგი არევაძემ, მას რაიმე ჯარიმა კი არა (თუნდაც 5000 ლარიანი ჯარიმა, რაც დაზიანებულის მსგავს 10 ბანერს დაამზადებდა), წელიწადით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა!
სხვათა შორის, მახსოვს, რა ხმაური ატყდა - ხოშტარიას ოჯახი მოსკოვიდან ფულს იღებსო! მართალი გითხრათ, რამდენადაც აბსურდად მივიჩნიე ხოშტარიასთვის პლაკატის გაფუჭებისთვის გამოტანილი განაჩენი, იმდენად მაინტერესებდა, მისი რუსეთიდან მიღებული შემოსავლების წყარო!
გაირკვა, რომ მისი მამა, გიორგი ხოშტარია, დიდი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების მემკვიდრეა და მისი დადგმებიდან ჰონორარებს იღებს! მათ შორის, იმ სპექტაკლებიდან, რომლებზეც მოსკოვის დიდ თეატრში პარტერის ბილეთი რამდენიმე ასეული დოლარი ღირს! არაფერს ვიტყვი ლოჟაზე...
დაუდგინა ვინმემ ხოშტარიების ოჯახს ამ თანხების უკანონოდ მიღება? მე დადასტურებული ფაქტი არ მინახავს!
მე კი მახსოვს, სერიოზულად დავინტერესდი - ხომ არ იღებდა ქართველი პოლიტიკოსი რუსული სპეცსამსახურებიდან ფულს? ხომ არ იყო უამრავი დღეს მოქმედი ქართველი პოლიტიკოსის მსგავსად რუსეთის კაგებე-ს (ეფესბეს-ს, ესვეერ-ის) შემოგზავნილი ქართულ პოლიტიკაში?!
და დავადგინე - მარტო მოსკოვის დიდი თეატრის წლიური შემოსავალი - 80 მილიონ დოლარზე მეტს ანუ 200 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს!
ხოლო ალექსი-მესხიშვილის ჰონორარები მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან - წლიურად - 50 -60 ათას დოლარამდე ანუ იმდროინდელი კურსით, როცა ბრალდება გაჟღერდა - 150 000 -160 000 ლარამდე!
ამის მემკვიდრე აღმოჩნდა ხოშტარია!
მე დღესაც მაინტერესებს, წლიურად იმ 55 000 დოლარზე ანუ 150 000 ლარზე მეტი ერიცხებოდა ხოშტარიას?! თუ კი რატომ არ გამოიძია ქართულმა უშიშროებამ? თუ არა - მაშინ მისი შემოსავალი - კა-ნო-ნი-ე-რი-ა!
ასე ასიათასობით ქართველს ურიცხავს თანხას - რუსეთში მცხოვრები ნათესავი!
მე გადავწყვიტე გამერკვია, რას და როგორ წონის ქართული სასამართლო და ხომ არ იტყუება სასამართლოს სასწორი?
გახსოვთ, ადრე მატყუარა სასწორისთვის იჭერდნენ კომუნისტები!
მოდი, სასამართლო სასწორის სიზუსტის შესასწავლად, მეორე მხარეს გავიხედოთ.
ყოფილ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, ჯარის მილიონობით ლარით მოპარვისთვისთვის და კორუფციული დანაშაულებისთვის მისჯილი ათი წელი, მისი მეგობრის (ისე კაი მეგობრობა კი სცოდნია) და შეფის ირაკლი ღარიბაშვილის ჩაშვების გამო, საპროცესო შეთანხმებით სამ წლამდე შეუმცირდა!
რომეო მიქაუტაძეს, რომელმაც მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული დანაშაულები აღიარა და უშიშროების მინისტრს დაადო ხელი, სამი წლით პატიმრობა განესაზღვრა და რადგან წელიწადნახევარი გადის, მალე დატოვებს ციხის კედლებს! აქ არ გავიხსენებ, იმ ამათთან შედარებით უფრო დაბალი თანამდებოიბის ადამიანებს, რომელთა მილიონობით ლარის მოპარვა საერთოდ ეპატიათ, უფროსებზე მიცემული ჩვენებების გამო!
მოიპარე მილიონი - მთავარია ,ჩაუშვა ის ვისთანაც ფული მიგქონდა და... გეპატიება!
ამიტომ საინტერესოა, ხოშტარიას კალაძის პლაკატი კი არ დაეზიანებინა, არამედ მისი დამზადებისთვის გამოყოფილი ფული - 570 ლარი მიეთვისებინა, რამდენ წელს მიუსჯიდნენ?
როგორც ჩანს, საქართველოში მილიონების მძარცველის მიმართ დამოკიდებულება უფრო ლოიალურია, 570-ლარიან პლაკატის დამაზიანებელთან!
"სასამართლო სასწორზე" 570-მა ლარმა გადაწონა - მოპარული ათეული მილიონები!
კარგი სასწორია? არა!
მაგრამ ყველაზე შემზარავი სხვა რამეა!
ელენე ხოშტარია ციხეში საკუთარი ფეხით შევიდა. დღეს კი კლინიკაში ეტლით გადაიყვანეს!
არ ვიცი, როგორ განვითარდება მისი დაავადება და რა როლი აქვს ამაში პატიმრობას. მაგრამ ვიცი, რომ მისი ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა!
და აქ მინდა მოსამართლე გიორგი არევაძის მისამართით ვთქვა - ბატონო გიორგი, დაზიანებული პლაკატის ფასი უკვე ვიცით - 570 ლარი! იქნებ ადამიანის თავისუფლებისა და ჯანმრთელობის ფასიც დაგვითვალოთ?! 570 ლარზე ნაკლებია ვითომ? 570 ლარად კბილს არ ამოგიღებენ დღეს...
ოღონდ, გაითვალისწინეთ, ისტორია, ზოგჯერ, სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადასინჯავს-ხოლმე!
დღეს, ერთხელ დავწერე და გავიმეორებ, ათენელმა მოსამართლეებმა სოკრატეს სიკვდილი მიუსაჯეს. ისტორიამ სოკრატე გაამართლა, მის მოსამართლეებს კი სამუდამო განაჩენი მიუსაჯა!
ბატონებო დაქ ალბატონებო, თუ რაღაც იაფფასიანი ქონების დაზიანებას აპირებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით, 500 ლარიან საქმეს ხომ არ სჯობს პირდაპირ მილიონები მოიპაროთ?! ნაკლებად დასჯადია!
მილიონიან სახელმწიფო ქონებაზე გარიგება შესაძლებელია... 500 ლარიან პლაკატზე წარწერის გაკეთებას - ვინ გაპატიებს?!
ისე კი გარწმუნებთ, არც ერთი პოლიტიკოსის და მ,ით უმეტეს თანამედროვე პორტრეტი, არც წმინდანის ხატია და არც ეროვნული სიწმინდე!”