პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია - ირაკლი კირცხალია
ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა შეფასებას გამოაქვეყნებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კარნახით მოქმედი ესა თუ ის ორგანიზაცია, რადგან როდესაც ეროვნულ ინტერესებს იცავ, სუვერენიტეტს არ თმობ და ქვეყნის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს ატარებ, არა მხოლოდ სხვადასხვა იარლიყის მოკერებისთვის, არამედ ბევრად, ბევრად უფრო დიდი ზეწოლისთვისაც მზად უნდა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია.
„„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით, მსურს, გამოვეხმაურო ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიას, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად შეიყვანეს. პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის რომ ღიმილის მომგვრელია, ვფიქრობ, ამას ახსნა არ სჭირდება, ამავდროულად, ისიც არახალია, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ორგანიზაციის ექსპერტიზას, მათ განცხადებებს თუ შეფასებებს, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, სერიოზულად არ ეკიდება. თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია — რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი, რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, რაც უფრო მეტად სცდება ყოველგვარ ზღვარს მისი უტიფრობა, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი. თითქოს ამ უკიდურესობაშია მისი ზემოქმედების ძალა, ანუ საკმარისია ტყუილი იმდენჯერ, ისეთი მონდომებითა და სიხშირით გაიმეორო, რომ, აბსურდულობის მიუხედავად, თავად ბრალდება იქცეს ფაქტად.
ჩვენს პოლიტიკურ გუნდში მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ერთ-ერთი ინსტრუმენტის მიერ გამოქვეყნებული აბსურდი, უფრო კონკრეტულად კი ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის ეს მორიგი მცდელობა გამოვიყენოთ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს მათი მექანიზმები იმ ლიდერების და ეროვნული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ომის ნაცვლად — მშვიდობას, მორჩილების ნაცვლად — თავისუფლებას, უცხო ძალების გავლენის დიქტატით მოქმედების ნაცვლად სუვერენიტეტს ირჩევენ.
არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ამ ორგანიზაციის შეფასებები ნათლად აჩვენებს იმ დამოკიდებულებას, მათ შორის ორმაგ სტანდარტებს, რაც სუვერენული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების მიმართ არსებობს. ანუ, როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს და არ თმობს სუვერენიტეტს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება სხვადასხვა იარლიყების მიწებების მცდელობაა. ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია“. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ხელისუფლება გარე ძალების ინტერესებს ემსახურება, მას შეიძლება უამრავი დანაშაული ეპატიოს, მაგრამ თუ ეროვნულ ინტერესებს იცავს და ქვეყნის დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ იწყება დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით წარმოებული კამპანია.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არა პირადი მოსაზრება ან შეხედულება, არამედ დადასტურებული ფაქტია, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც. მეტი თვალსაჩინოებისთვის საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის პერიოდში, როდესაც ამ არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ ძალას სახელმწიფო ჰქონდა მიტაცებული, ყველა მსხვილი მედია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობა ჰქონდა, ერთი პოლიტიკური პარტიის სრულ კონტროლსა და გავლენას ექვემდებარებოდა. დამოუკიდებლობისგან სრულად დაცლილი მედია მმართველი პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად ფუნქციონირებდა. საინფორმაციო სივრცეში არ არსებობდა პლურალიზმი, რეჟიმისგან განსხვავებული პოზიცია და კრიტიკული აზრი კი იმდენად მიუღებელ და დანაშაულებრივ მოვლენად იყო ქცეული, რომ ამ თემაზე ღიად საუბარიც კი წინააღმდეგობის გაწევისა და პირადი გამბედაობის, ლამის გმირობის გამოხატულებად იქცა. დისტოპიური რომანების მსგავსად, ქვეყანაში არ არსებობდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჩამოყალიბებული იყო საინფორმაციო მონოპოლია, სადაც საზოგადოებას რეალობის მხოლოდ ერთი, მმართველი ძალისთვის სასურველი ვერსია მიეწოდებოდა, მისი არმიღების შემთხვევაში კი სასჯელი გარანტირებული იყო. ამ ფონზე, ასეთ ავტორიტარს და მის რეჟიმს, რომელმაც როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით ჯოჯოხეთი გამოატარა ჩვენს ქვეყანას და ხალხს, „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ, მათი მმართველობის პერიოდს კი საქართველოს დემოკრატიულ წარმატებად წარმოაჩენდნენ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა მანამ, სანამ ეს რეჟიმის უცხოელი პატრონებისთვის იყო სარგებლის მომტანი.
რა თქმა უნდა, არც ჩვენ და არც ჩვენი ხალხი არ ვართ იმდენად გულუბრყვილო, რომ ან ამ შემფასებელთა გულწრფელობის გვჯეროდეს, ან იმის, რომ მათ არ იცოდნენ, რა ტიპის ტერორი სუფევდა საქართველოში. რასაკვირველია, იცოდნენ, რადგან სააკაშვილიც, როგორც მათი აგენტი, მათი დავალებით, მათი ინტერესების შესაბამისად წარმართავდა როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას, რომელმაც უმძიმესი, ტრაგიკული კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას და ხალხს, ავანტიურას, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების, გმირი სამხედროების, პოლიციელების სიცოცხლის და დამატებით ოკუპირებული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა. ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად შერჩევითია არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენით მოქმედი საერთაშორისო აქტორების შეფასებები და რამდენად ხშირად აყენებენ ეს ძალები პოლიტიკურ ინტერესებს რეალობაზე მაღლა.
სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მორიგ სპეკულაციასთან დაკავშირებითაც, რადგან შეუძლებელია, საქართველოში მედიაგარემოს აფასებდე და არ იმჩნევდე რეალობას, რომლის ობიექტური შეფასებისას აშკარაა, რომ საქართველო როგორც მედიის თავისუფლების, ისე დემოკრატიის კუთხით დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. ფაქტია ისიც, რომ საქართველოში მედიაგარემო დღეს იმდენად პლურალისტურია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებას ხელისუფლების მიმართ უმწვავესი კრიტიკის გამოხატვისა და ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ნებისმიერი ბრალდების გაჟღერების შესაძლებლობა აქვთ. მეტიც, თავად განსაჯეთ, რამდენად აბსურდულია აღნიშნული ბრალდება, როდესაც რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის იარაღად ქცეულ მედიასაშუალებათა დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას დღემდე არ აღიარებს; ასევე, ამ მედიასაშუალებების და ე.წ. ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი საქართველოში რევოლუციური პროცესების ავანგარდში იდგნენ.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, როგორც პირადად ჩემთვის, ისე მმართველი გუნდის თითოეული წევრისთვის საამაყოა, რომ დღეს საქართველოში სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც არასდროს!
ამ ფონზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა, სხვა არაფერია, თუ არა საზღაური, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, საქართველოში ყველაზე დიდი პოლიტიკური, და არამხოლოდ პოლიტიკური, ავტორიტეტის მქონე ფიგურა, პირადი, მაღალი რისკის ფასად იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს — გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე.
რასაკვირველია, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა შეფასებას გამოაქვეყნებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კარნახით მოქმედი ესა თუ ის ორგანიზაცია, რადგან როდესაც ეროვნულ ინტერესებს იცავ, სუვერენიტეტს არ თმობ და ქვეყნის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს ატარებ, არა მხოლოდ სხვადასხვა იარლიყის მოკერებისთვის, არამედ ბევრად, ბევრად უფრო დიდი ზეწოლისთვისაც მზად უნდა იყო. გარწმუნებთ, რომ როგორც პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ისე „ქართული ოცნება“ და, რაც მთავარია, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი ამ ყველაფრისთვის მზად არის“, —განაცხადა კირცხალიამ.