2027 წლის ბოლოსთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ფედერალისტური ქსელი გვეყოლება, რომელსაც ივანიშვილი ხელს ვერ შეუშლის - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, „ოპოზიციური ალიანსის“ მიზანია, გააძლიეროს პოლიტიკური საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება.
როგორც ჩერგოლეიშვილმა „ოპოზიციური ალიანსისა“ და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ალიანსის წევრები დასავლელ პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან და მათ პარტიების აკრძალვის პროცესთან დაკავშირებულ სამართლებრივ, პოლიტიკურ და საერთაშორისო საკითხებზე ინფორმაცია გაუზიარეს.
მისი თქმით, შეხვედრაზე პარტნიორების მხრიდან ძირითადად კითხვები დაისვა, მათ შორის, როგორ აპირებს ოპოზიცია მოქმედებას პარტიების აკრძალვის შემთხვევაში და რა პროცესები განვითარდება ამის შემდეგ.
„ივანიშვილი სურვილებს ვერ აკრძალავს და ჩვენ ამ სურვილებზე ლაპარაკს ვერ აგვიკრძალავს. ჩვენ პოლიტიკურ ველზე გვაქვს ბრძოლა მოსაგები. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიების აკრძალვით ცდილობს, თავი უალტერნატივოდ გამოაცხადოს, ვერაფერს ეტყვის იმ ადამიანს, რომელიც კანალიზაციის სუნში ცხოვრობს, წამლების ფულს ვერ იხდის, ჯანდაცვის ხარჯებს ვერ ანაზღაურებს და შვილს ნორმალურ განათლებას ვერ აძლევს. ეს საკითხები რჩება და ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებზე უნდა იყოს ორიენტირებული, ხოლო მოქალაქეების აქტიური ჩართულობა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესების თავიდან აცილებასაც შეუწყობდა ხელს, როგორიც პარტიების აკრძალვის საკითხია.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, „ფედერალისტებს“ 26 მაისიდან დაწყებული აქვთ კამპანია „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“ და 2027 წლის ბოლოსთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ფედერალისტური ქსელის შექმნას გეგმავენ.
„2027 წლის ბოლოსთვის ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფედერალისტური ქსელი გვეყოლება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ხელს ვერ შეუშლის“, – აღნიშნა მან.
ჩერგოლეიშვილმა ასევე ისაუბრა „ოპოზიციური ალიანსის“ პრინციპებზე და განაცხადა, რომ მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი წესებზე დაფუძნებული პოლიტიკური თანამშრომლობაა.
მისი განმარტებით, ალიანსის ყველა წევრი, მიუხედავად პოლიტიკური წონისა თუ წარსული დამსახურებისა, საერთო წესებს უნდა ემორჩილებოდეს. ჩერგოლეიშვილის თქმით, სწორედ ამ პრინციპის გამო დატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ალიანსი ექვსი თვის წინ, ხოლო დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით პარტიის ლოგო ალიანსის ვიზუალური იდენტობიდან ამოიღეს.
„ბიძინა ივანიშვილის მოშორება იმიტომ გვინდა, რომ არის უწესო და საკუთარი თავი გამოაცხადა წესად. სააკაშვილიც ზუსტად იმავეს ცდილობდა და ამის შესაძლებლობა ჩვენს წრეში ვერ ექნება, რადგან ეს ალიანსი არის წესები. ჩვენი ერთადერთი უპირატესობა და ის, რითაც ბიძინა ივანიშვილის წაქცევას ვაპირებთ, ჩვენი წესიერებაა“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისივე თქმით, ალიანსის წევრობა გულისხმობს როგორც საერთო წესების, ისე შეთანხმებული სტრატეგიის დაცვას, მათ შორის, ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარებას.
„ვინც ამ წესებს არ ემორჩილება, ალიანსში ვერ იქნება. ალიანსი არაფერია, გარდა წესებისა და სტრატეგიის დაცვისა. ვისაც არ უნდა ამის შეგუება, ჩვენთან ვერ იქნება – ამით ერთმანეთს გამოვრიცხავთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.