Justice
    2026-11-05 | 13:13

    ალეკო ელისაშვილს  ჩამორთმეული აქვს ის უფლებები, რაც ყველა მსჯავრდებულისთვის და პატიმრისთვის გარანტირებულია - ადვოკატი

    ალეკო ელისაშვილს  ჩამორთმეული აქვს ის უფლებები, რაც ყველა მსჯავრდებულისთვის და პატიმრისთვის გარანტირებულია - ადვოკატი

    ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი გენერალურ პროკურორს ალეკო ელისაშვილის მიმართ დაწესებული შეზღუდვებისა და გამოძიების ფარგლებში ამოღებული ნივთების დაბრუნების საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.

    როგორც ჩოფიკაშვილმა გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაცვის მხარე გენერალურ პროკურორს წერილობით მიმართავს და მოითხოვს, შეისწავლოს ელისაშვილისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის საკითხი.

    ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილს ერთი წლის განმავლობაში შეზღუდული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებსა და ადვოკატებთან, რაც, მისი შეფასებით, უკანონოა. აღნიშნული შეზღუდვა დაცვის მხარეს სასამართლოში უკვე გასაჩივრებული აქვს.

    ჩოფიკაშვილის თქმით, ამ დრომდე არ არის დაბრუნებული ელისაშვილის ოჯახის წევრების კუთვნილი კომპიუტერები და სხვა ტექნიკა, რომლებიც გამოძიების ფარგლებში კერძო საკუთრებიდან ამოიღეს.

    ადვოკატის განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ ნივთებს არც გამოსაძიებელ საქმესთან და არც ელისაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებასთან კავშირი არ აქვს, თუმცა მათი ამოღებიდან ერთი წლის შემდეგაც მესაკუთრეებს საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვთ.

    „ჩვენ ვთხოვთ გენერალურ პროკურორს, გაერკვეს ამ საკითხში და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რათა ამ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში კერძო მესაკუთრეები ვერ სარგებლობენ თავიანთი საკუთრებით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

    ცნობისთვის: ალეკო ელისაშვილი ტერორისტული აქტის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 10 ივლისს გამოაცხადა.