Politics
    2026-11-06 | 14:43

    საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიება „ქართული ოცნების“ პარტიულ ზეიმად იქცა - ანა წითლიძე

    საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიება „ქართული ოცნების“ პარტიულ ზეიმად იქცა - ანა წითლიძე

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ის „ქართული ოცნების“ პარტიულ ზეიმად იქცა.

    როგორც წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განსაკუთრებით პრობლემურია სასამართლოს წარმომადგენლების საზეიმო გარემოში გამოჩენა მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან ერთად იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილება.

    მისი შეფასებით, აღნიშნული გარემოებები ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს ინსტიტუციურ ნეიტრალიტეტსა და დამოუკიდებლობას.

    „როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ინიციირებული საქმე, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, განსაკუთრებით პრობლემურია ამავე საქმის ინიციატორი პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან სასამართლოს წარმომადგენელთა საზეიმო გარემოში გამოჩენა, მეგობრული პოზირება და ზეიმის ატმოსფერო“, – განაცხადა წითლიძემ.

    მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ გადაიდო საიუბილეო ღონისძიება მიმდინარე პოლიტიკური დავის დასრულებამდე, რატომ არ იყვნენ მიწვეული ოპოზიციური პარტიები და რამდენად შეესაბამება სასამართლოს ეთიკის სტანდარტებს მოსარჩელე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ ღონისძიებაზე მიმდინარე საკონსტიტუციო დავასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარების გაკეთება.

    წითლიძემ ასევე გააკრიტიკა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტური ფილმი და აღნიშნა, რომ მასში არ არის ასახული სასამართლოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები წინა ხელისუფლების პერიოდში, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანის პროცესი.

    გარდა ამისა, მან კითხვები დასვა ფილმში თენგიზ შარმანაშვილის წარმოჩენასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის ამჟამად იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომლის ინიციირებულ საქმეზეც სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

    „ეს კითხვები არ ეხება მხოლოდ ერთ ღონისძიებას. ისინი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და საზოგადოების ნდობას.

    საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილე უნდა ყოფილიყო კონსტიტუციური ღირებულებებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ზეიმი. ნაცვლად ამისა, მივიღეთ „ქართული ოცნების“ პარტიული ზეიმი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.