Society
    2026-11-06 | 16:21

    მერიის  განცხადება, სხვა ყველაფერთან ერთად, თავად კახა კალაძის მიერ ცხოველთა უფლებადამცველების მისამართით გაკეთებული განცხადების განეიტრალების მცდელობაცაა - ნიკა ჩერქეზიშვილი

    მერიის  განცხადება, სხვა ყველაფერთან ერთად, თავად კახა კალაძის მიერ ცხოველთა უფლებადამცველების მისამართით გაკეთებული განცხადების განეიტრალების მცდელობაცაა - ნიკა ჩერქეზიშვილი

    რჩება შთაბეჭდილება, რომ მერიის განცხადება, სხვა ყველაფერთან ერთად, თავად კახა კალაძის მიერ ცხოველთა უფლებადამცველების მისამართით გაკეთებული განცხადების განეიტრალების მცდელობაცაა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი წერს, რითაც ეხმაურება თბილისის მერიის განცხადებას, რომ „ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით“.

    „ანგარიში თბილისელებს: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საგა გრძელდება. იმ ფონზე, როცა უმძიმესია თავად ცხოველების მდგომარეობა, თბილისის მერიის გაუთავებელი განმარტებები შექმნილ ვითარებას ვერც ცვლის და ვერც მთავარ კითხვებს პასუხობს.

    მერიისგან საჭიროა არა საკუთარი უდანაშაულობის წინასწარი დეკლარირება, არამედ სრული გამჭვირვალობა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი.

    რჩება შთაბეჭდილება, რომ მერიის ეს განცხადება, სხვა ყველაფერთან ერთად, თავად კახა კალაძის მიერ ცხოველთა უფლებადამცველების მისამართით გაკეთებული განცხადების განეიტრალების მცდელობაცაა. მაშინ, როდესაც მერი რამდენიმე ადამიანის „დაძინებაზე“ საუბრობს, მერიის მხრიდან თანამშრომლების მიმართ მუქარის დაგმობა საზოგადოებაში ბუნებრივად აჩენს კითხვას - რატომ არ ვრცელდება პასუხისმგებლობის იგივე სტანდარტი თავად მერზეც?

    გასაგებია, რომ მერიის ეს განცხადება, არსებითად, საკუთარი პოზიციის დაცვისა და გამართლების მცდელობაა. გასაგებია ისიც, რომ მერია თანამშრომლების მიმართ მუქარასა და შესაძლო უკანონო ქმედებებს გმობს - ამას სრულიად სამართლიანად უნდა აკეთებდეს.

    პრობლემა სხვაგან არის. პრობლემა ისაა, რომ ამით ცდილობს მიუსაფარ ცხოველთა შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებითი კითხვები უკანა პლანზე გადაიტანოს.

    თუ მართლაც აქვს ადგილი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარას, ფოტოების გავრცელებას, შეურაცხყოფასა და დაშინებას, ეს მიუღებელია და შესაბამისი რეაგირება აუცილებელია. ცხოველთა უფლებების დაცვა არავის აძლევს ადამიანების უფლებების დარღვევის უფლებას.

    ამასთან, მუქარისა და დაშინების წინააღმდეგ ერთიანი სტანდარტი ყველასთვის უნდა მოქმედებდეს, მათ შორის თავად თბილისის მერისთვისაც.

    მერიის განცხადებებს რაკურსი სხვა მხარეს მიაქვს.

    მიმაჩნია, რომ ამ პროცესში მთავარი უნდა იყოს მიუსაფარი ცხოველების ინტერესები, ფაქტების დადგენა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა.

    არცერთი მხარე არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. არცერთი უწყება არ უნდა იყოს გათავისუფლებული საზოგადოებრივი კონტროლისგან. ამ საქმეში სიმართლე უნდა დადგინდეს, სრულად და არა შერჩევითად. საზოგადოებისთვის ეს არ არის კონფლიქტი მერიის თანამშრომლებსა და ცხოველთა დამცველებს შორის. ეს არის საკითხი, რომლის ცენტრშიც მიუსაფარი ცხოველების უფლებები დგას.

    და პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ისინი, ვის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო - მიუსაფარი ცხოველები!

    P.S. მე, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი, ჩემი პოლიტიკური და ინსტიტუციური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე (ადამიანურ და მორალურ პასუხისმგებლობაზე აღარ ვსაუბრობ, ეს ყველა თბილისელს და საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება), ჩემი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში ვაკეთებ ყველაფერს, რომ ეს საკითხი არ დარჩეს აქტიური დღის წესრიგის მიღმა. უკვე გაგზავნილი მაქვს ოფიციალური მიმართვები, როგორც თბილისის მერიასა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, ისე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, ასევე გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოში. ვითხოვ დეტალურ ინფორმაციას მომხდარზე, რა კადრებიც გავრცელდა ტელეკომპანია „პირველის“ და ცხოველთა უფლებადამცველების მხრიდან.

    რა თქმა უნდა, ვაკეთებ საჯარო განცხადებებს და შეძლებისდაგვარად ვესწრები ყველა იმ აქციას, რომელიც ორგანიზდება ამ თემის გარშემო და ორიენტირებულია ცხოველთა უფლებების დაცვაზე“, - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.