Society
    2026-11-09 | 15:26

    თბილისში იტალიური მოდის გამოფენა „Fashion Frames“ გაიხსნა

    თბილისში იტალიური მოდის გამოფენა „Fashion Frames“ გაიხსნა

    თბილისის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა“ გაიხსნა. ექსპოზიცია კინემატოგრაფისა და მოდის ისტორიულ კავშირს, ასევე იტალიური მოდის გამორჩეულ ნამუშევრებს ეძღვნება.

    გამოფენის იდეის ავტორი და კურატორია „Made in Italy“-ს დესპანი მსოფლიოში სტეფანო დომინელა. ღონისძიება საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებითა და კომპანია Mariotto-სთან თანამშრომლობით გაიმართა. გახსნას დაესწრო იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის სპეციალური წარგზავნილი იტალიური მოდის პოპულარიზაციის საკითხებში მირკო ტონდი.

    ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 35 უნიკალური სამოსი, რომლებიც სხვადასხვა დროს კინოსა და პოპმუსიკის ისეთი ცნობილი ვარსკვლავებისთვის შეიქმნა, როგორებიც არიან სოფია ლორენი, ოდრი ჰეპბერნი, ინგრიდ ბერგმანი, ანიტა ეკბერგი, ჯულია რობერტსი, მონიკა ბელუჩი, სკარლეტ იოჰანსონი, მადონა და ბიონსე.

    დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ იტალიური მოდის წამყვანი ბრენდების საკულტო ნამუშევრები და კოსტიუმები, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს კინოსა და მოდის ისტორიაში და მსოფლიო მოდის ტენდენციებზე გავლენა მოახდინეს.

    „მოდა უნივერსალური ენა და წარმოუდგენლად მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც სამკერვალო ოსტატობის, ქსოვილისა და ნაქარგის მეშვეობით ყვება დღევანდელობაზე და გადმოსცემს სამყაროს ხედვას, მისი მზერა კი მომავლისა და ინოვაციებისკენაა მიმართული“, - განაცხადა იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ.

    მისივე თქმით, იტალიის საელჩოს სურდა, საქართველოში, სადაც იტალიური კულტურა და შემოქმედება განსაკუთრებით უყვართ, წარმოედგინა გამოფენა, რომელიც „Made in Italy“-ს სახელით ცნობილი ოსტატობისა და სტილის მრავალფეროვნებას ასახავს.

    გამოფენის გახსნაზე კინოფილმების მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა იტალიელმა პიანისტმა, დირიჟორმა და კომპოზიტორმა პაოლო ვივალდიმ.

    ღონისძიების ფარგლებში, თბილისის დიზაინის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კინოსა და მოდის თემაზე სტეფანო დომინელას მასტერკლასიც გაიმართა.

    გამოფენა ტარდება იტალიის საელჩოს 2026 წლის კულტურული ღონისძიებების სპონსორის, თიბისი ბანკის მხარდაჭერით და თბილისის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.