Society
    2026-11-10 | 11:09

    წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კონსერვატიული პორტფელი ლიდერობს

    წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კონსერვატიული პორტფელი ლიდერობს

    საქართველოს საპენსიო ფონდის ცნობით, ფონდის სამივე პორტფელმა 2026 წლის პირველი ათი თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კონსერვატიული პორტფელი ლიდერობს.
    2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში პორტფელების შემოსავლიანობა შემდეგი იყო:

    -კონსერვატიული პორტფელი: 8.60% (რეალური შემოსავლიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 2.85%)
    -დაბალანსებული პორტფელი: 8.11% (რეალური: 2.38%)
    - დინამიკური პორტფელი: 7.41% (რეალური: 1.72%)

    "რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, პორტფელების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. საერთაშორისო სააქციო ბაზრებზე უარყოფითად აისახა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში კაპიტალურ დანახარჯებთან დაკავშირებული გაურკვევლობა, მაშინ როდესაც ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებმა პორტფელების შედეგებზე დადებითი გავლენა იქონია. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის 0.23%-იანმა გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ლარში გამოხატული შემოსავლიანობა შეამცირა.
    შედეგად, ოქტომბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0.14%-ით გაიზარდა. დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები, შესაბამისად, 0.59%-ით და 1.34%-ით შემცირდა. კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა სააქციო ბაზრების შემცირების გავლენა შეასუსტა.
    მიუხედავად ოქტომბრის თვის სუსტი შედეგისა, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან გაწლიურებული შემოსავლიანობით კვლავ ლიდერობს 12.86%-იანი ნომინალური მაჩვენებლით (რეალური გაწლიურებული შემოსავლიანობა: 8.42%), დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შესაბამისი მაჩვენებლები კი 12.21% (რეალური: 7.80%) და 10.16% (რეალური: 4.25%) არის.
    ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა,“ - ნათქვამია უწყების ინიფორმაციაში.