მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტები - არჩილ გორდულაძე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხოს და ოპოზიციური პარტიების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელოს.
როგორც გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გასული ხუთი დღის განმავლობაში პროცესზე, მისი შეფასებით, დემაგოგიასა და ფაქტებით მანიპულირებას ჰქონდა ადგილი.
„დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, კითხვები მოსამართლეების მხრიდან და ჩვენ მზად ვართ, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მსჯელობა და კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები იქნება თუ განხორციელებული ფაქტები“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისეთი ოპოზიციური პარტიების არსებობის შესაძლებლობა გაჩნდება, რომელთათვისაც ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი იქნება მნიშვნელოვანი.
„თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, რომ რეალურად არა კონსტიტუციის ფეხქვეშგამთლელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი“, - აღნიშნა გორდულაძემ.