Commentary
    2026-11-10 | 12:28

    ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქვეყანაში ოპოზიციის გაქრობაა - გიორგი სიორიძე

    ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქვეყანაში ოპოზიციის გაქრობაა - გიორგი სიორიძე

    პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ სარჩელს პარტიების აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

    როგორც სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სარჩელი ძირითადად თეა წულუკიანის კომისიის დასკვნას ეყრდნობა, რომელიც, მისი შეფასებით, მტკიცებულების სტანდარტს არ აკმაყოფილებს და პოლიტიკურად მიკერძოებული დოკუმენტია.

    „ვისაც მცირედი იურიდიული განათლება აქვს და ჩახედულია საქმეში, ეჭვიც არ გაუჩნდება, რომ ამ პროცესში რაიმე სამართლებრივი საფუძველი არსებობს. ბოლო პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ სარჩელში ფაქტები მოყვანილი არ აქვს და არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც პარტიების აკრძალვას გაამართლებდა.

    პროცესი თავიდან ბოლომდე ხელოვნურია. არ არსებობს პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი. საზოგადოებამ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქვეყანაში ოპოზიციის გაქრობაა“, – განაცხადა სიორიძემ.

    მისივე შეფასებით, საქართველოში კონსტიტუციური გადატრიალების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის მიზანიც დიქტატურის გაფორმებაა.

    „მსოფლიოში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთი ხელის მოსმით გაეუქმებინათ. მოქალაქე აღმოჩნდება მდგომარეობაში, როდესაც არჩევნები მხოლოდ ფორმალობა იქნება და საარჩევნო უბანზე მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მისი რამდენიმე სატელიტი პარტია დახვდება“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.