„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაქრობა და დიქტატურის გაფორმება სურს - გიორგი სიორიძე
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთ წინააღმდეგობრივ კითხვას უპასუხეს, რამაც, მისი შეფასებით, სარჩელის აბსურდულობა და პროცესის რეალური მიზანი გამოავლინა.
როგორც სიორიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაქრობით დიქტატურის გაფორმებას ცდილობს.
„თანამედროვე ისტორიაში სამარცხვინო ფურცელია, როდესაც ერთი პოლიტიკური, ავტორიტარული მმართველი ძალა ცდილობს ოპოზიციის გაქრობას და ძალადოას საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნებაზე. მათი ოფიციალური მონაცემებით, საუბარია ამომრჩევლის დაახლოებით 40%-ზე, მილიონ მოქალაქეზე, რომელთაც ეუბნებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფორმალურად ექნებათ, თუმცა იქ არავინ დახვდებათ, ვის არჩევაც სურთ“, - განაცხადა სიორიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება წლების განმავლობაში სახელმწიფო აპარატის პარტიულ ვერტიკალზე დაქვემდებარებასა და ისეთი რეგულაციების მიღებას ცდილობდა, რომლებიც ფორმალურად კანონიერ მეთოდებს დიქტატურის დასამყარებლად გამოიყენებდა.
სიორიძის შეფასებით, პარტიების აკრძალვის პროცესი ამ პოლიტიკის დასრულებას და ოპოზიციის პოლიტიკური სივრციდან განდევნას ისახავს მიზნად.
ამასთან, სიორიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მიზანი ანტიდასავლური და პრორუსული საგარეო პოლიტიკის კონსტიტუციურ ვალდებულებად ქცევაა.
მან გააკრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ისინი ცდილობენ, ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობა ქართულ სახელმწიფოს გადააკისრონ.
„ისინი ცდილობენ, ნებისმიერი განსხვავებული აზრი, რომელიც საჯარო სივრცეში შეიძლება წარმოიშვას და „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას გააკრიტიკებს, საბოტაჟად გამოაცხადონ“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს.