პატრიარქ შიო მესამის ნათლული კიდევ 710 ბავშვი გახდა
პატრიარქ შიო მესამის ნათლული კიდევ 710 ბავშვი გახდა. საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. უწმინდესმა ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომი შვილები გააქრისტიანა.
ნათლობის შემდეგ, კათალიკოსმა თავისი ნათლულები დალოცა. პატრიარქმა ქადაგებისას ეს დღე ახალნათელღებულთა მშობლებს, ნათლიებსა და სრულიად საქართველოს მიულოცა, ისაუბრა ნათლობის საიდუმლოსა და ადამიანის ცხონებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ. ბოლოს ახალნათელღებულებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული საიუბილეო ჯვრები დაურიგდათ.
„როგორც იცით, ნათლისღება არის საშუალება ბოროტი სულების ბატონობისგან გათავისუფლებისა და სულიერი აღორძინებისა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქრისტეს ეკლესიასთან შეერთების საშუალება. ნათლობის საიდუმლოება არის პირველი საეკლესიო საიდუმლოთა რიგში მორწმუნისთვის, რადგან, როგორც გითხარით, ეს არის სულიერი დაბადება, ახალი ცხოვრების დასაწყისი. ამ საიდუმლოების გარეშე ადამიანი ვერ ხდება ეკლესიის წევრი, მაშასადამე, ქრისტეს სხეულის წევრი, ნაწილი.
გილოცავთ დღევანდელ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო! ძვირფასო ბავშვებო! ნათლისღების მადლით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“, - განაცხადა შიო მესამემ.