დროა ქართული ბიზნესი განთავისუფლდეს ე.წ. „გაგებაზე აღმოცენებული დაუწერელი წესებისგან“ -ვიქტორ ყიფიანი
ორიოდე დღის წინ ხელისუფლებასა და ქართულ ბიზნეს შორის გამართული შეხვედრის ირგლივ პოსტი გამოვაქვეყნე. მოკლეზე, თუმცა მკაფიოდ და არაორაზროვნად, ვისაუბრე თუ როგორ წარმომიდგენია რეალურად ჯანსაღი საქმიანი გარემოს მისაღებად ბიზნესის მხრიდან შესატყვისი დამოკიდებულება, - ამის შესახებ პოლიტიკური ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი სოციალურ ქსელში წერს.
“ამჯერადაც, თემის კრიტიკულობის გამო, მას ორიოდე სიტყვაში განვავრცობ, ხოლო, ბოლოსკენ, რამდენიმე შეთავაზებას გავიმეორებ. ეს ის მეტად კონკრეტული შეთავაზებებია, რასაც „ჯერ საქართველო“ ბიზნესს სთავაზობს ასევე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში სათარგმნელად.
ამ შეთავაზებათა მთავარი და უმთავრესი მოტივიც ისააა, რომ ქართული ბიზნესი მუდამ საკუთარი თავისა და გარემოებების მძევლად რჩება. ბიზნესი, რომელიც ვერა და ვერ ეღირსა ნამდვილად სტაბილურ, რეალურად პროგნოზირებად, შინაარსითა და არა დეკლარირებით საქმეზე ორიენტირებულ საქმიან გარემოს.
არადა, როგორ გვიღირს, რაოდენ გვესაჭიროება, რამდენად მოგვეთხოვება ქართულ ბიზნესი ტრადიციული პარტიული კონიუქტურის წნეხისგან გავანთავისუფლოთ, პოლიტიკურ გემოვნებათა მძევლობისგან ვიხსნათ, მას სათანადო ღირსება დავუბრუნოთ და აღიარება აღვუდგინოთ.
სწორედ ასეთი, თავისუფალი, შემოქმედი, საკუთარი ხმის განმკარგავი ბიზნესი არის ქართული სახელმწიფოს მედეგობის, მისი თვითკმარობისა და პროგრესის მზიდი კედელი.
სწორედ ასეთ ბიზნესს შეუძლია დასაბეგრი ბაზის გაფართოვებით, ბიუჯეტში გადასახადების (და არა სხვა „სახადისა“ თუ „ხარკის“ ფორმით) შედინებით ქვეყნის - და არა ცალკეული „ელიტარული“ ჯგუფების - გამდიდრების, მოდერნიზეწბისა, პერსპეტქტიულობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მტკიცე სვეტად იქცეს.
სწორედ ასეთი ბიზნესია საზღვარგარეთ საქართველოსა საინვესტიციო, მისი რეპუტაციისა და იმიჯის მხრივ „სავიზიტო ბარათის“ როლის განმსაზღვრელი.
სწორედ ამგვარი ბიზნესი ყველაზე უკეთ გრძნობს ჭეშმარიტ ფილანტროპიას და სოციალურ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც აფასებს მის წარმატებას არა მხოლოდ ციფრებში გამოხატულს, არამედ საზოგადოების მხრიდან აღიარებულს.
ამ დიდი, საერთო-ეროვნული და საერო-სახელმწიფოებრივი მიზნის მისაღწევად, უკვე ტრადიციულ ხერხებთან ერთად (მაგალითად, იქნება ეს საგადასახადო ამნისტია, ფუნქციურად ქმედუინარიანი ბიზნეს ომბუდსმენი თუ სხვა აპრობირებული ინსტიტუციურ-სამართლებრივი საშუალებები), მომავალი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის პრაქტიკული გამოქომაგება ასე წარმოგვიდგენია:
1. შემუშავდეს და ამოქმედდეს უმაღლესი ხარისხის საკანონმდებლო აქტი - „ბიზნეს-კონკორდატი“ - რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის ურთიერთოიბათა პრინციპების სიმტკიცესა და შეუქცევადობას დაადგენს. ასეთი აქტი საკონსტიტუციო რანგის კანონად წარმოგვიდგენია, რომლის შეცვლა, მოდიფიცირება და გაუქმება შეუძლებელი იქნება თუ არა საამისოდ პრაქტიკულად საყოველთაო პოლიტიკურ შეთანხმება და მკაცრად გაწერილი პირობები.
ეს აქტი იქნება დამატებით გარანტი, რომ ბიზნესი არ დაიჩაგრება, არ გაბითურდება, არ მოტყუვდება, არ იქცევა კონიუქტურული კაპრიზების მსხვერპლად.
2. ბიზნეს გარემოს ობიექტურმა შეფასებამ იწარმოოს სამოქალარო სექტორის, როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის მიუკერძოებელი არბიტრის, მიერ.
ასეთი შეფასება, აგრეთვე, უნდა გასაჯაროვდეს, ხოლო მთავრობის მიერ ნდობისა და უნდობლობის გამოცხადებისას სავალდებულოდ გასათვალისწინებულ დოკუმენტად განისაზღვროს.
3. ამ და სხვა შესაძლო ზომებისა თუ ნაბიჯენის შემუშავება ხდებოდეს ხელისუფლებისა და ბიზნესის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ, რომლის უმრავლესობა ბიზნესის მიერ დაკომპლექტდება, ხოლო ჯგუფს თანათავმჯდომარეობას პრემიერი და ბიზნეს ობმუდსმენი გაუწევენ.
მეტიც: აღნიშნული ჯგუფის მიერ შემუშავებული ესა თუ ის შეთავაზებით პარლამენტს მიემართება მისი საკანონმდებლო ინიციატივად განხილვის მიზნით.
ამდენად, -
დროა ქართული ბიზნესი განთავისუფლდეს ე.წ. „გაგებაზე აღმოცენებული დაუწერელი წესებისგან“. დროა საქმის წარმოებაც და წინააღმდეგობათა გადალახვაც საკადრისად ცივილურ ფორმატში მოექცეს.
დროა ქვეყნის წინსვლაზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღებმა პოლიტიკურმა ძალამ იმოქმედოს როგორც ბიზნესის ქომაგმა, გულშემატკივარმა, ხელშეწმყობმა და არა როგორც მისმა პატრონმა და „რენტას ამკრეფმა“.
საქართველო უნდა ამაყობდეს თავისი ბიზნეს კომპანიებით ისევე, როგორც, ვთქვათ, გერმანია მერსედესით, საფრანგეთი ვინჩითი, ბრიტანეთი ვოდაფონით, თუ პოლონეთი კატოვიცეთი.
ეს კი მხოლოდ თავისუფალ, ინსტიტუციურ მართვაზე, ცოდნასა და კომპეტენციაზე ორიენტირებულ, ხელისუფლება-ბიზნესი-საზოგადოების სამკუთხედ მოკავშირეობაზე დაფუძნებულ გარემოს შეუძლია.
შევთანხმდეთ უნდა, რომ ჯანსაღი, პროგრესული და თავისუფალი ბიზნესი ქართული სახელმწიფოს ეროვნული პრიორიტეტებს შორის ერთერთი საკვანძოა”, - წერს ვიქტორ ყიფიანი.