social media
    2026-11-20 | 13:19

    ქართულმა ბიზნესმა ფაქტობრივად შეწყვიტა ოპოზიციური მედიის დაფინანსება- უარი თქვეს რეკლამების განთავსებაზე, ეს ამორალურობის კიდევ ერთი გამოხატულებაა - რომან გოცირიძე

    ქართულმა ბიზნესმა ფაქტობრივად შეწყვიტა ოპოზიციური მედიის დაფინანსება- უარი თქვეს რეკლამების განთავსებაზე, ეს ამორალურობის კიდევ ერთი გამოხატულებაა - რომან გოცირიძე

    ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოიკვლია ის სქემა, რომლის მეშვეობითაც ხდება სანქცირებული „იმედისა“ და „პოსტივის“ დაფინანსება შუალედური სარეკლამო კომპანიების გავლით. ეს კომპანიებიც შესაძლოა მეორადი სანქციების ქვეშ მოექცნენ.

    პრობლემა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლის მექანიზმებში არ არის. ვერანაირი გვერდის ავლა ვერ მოხდებოდა, თავად ქართულ ბიზნესს რომ არ მიჰქონდეს რეკლამა ამ პრორუსული, ანტიქართული, ანტიუკრაინული და ანტიადამიანური მაუწყებლების ეთერში. ყველა კომპანია და მათი მესაკუთრეები ამ საქციელით ფინანსურად აძლიერებენ ანტიქართულ პროპაგანდას და საკუთარ თავზე იღებენ მორალურ პასუხისმგებლობას. არც ის არის გამორიცხული, რომ მომავალში ისინიც (მათ შორის ბანკებიც) მეორადი სანქციების სამიზნეები გახდნენ.

    ცალკე საკითხია ისიც, რომ ქართულმა ბიზნესმა ფაქტობრივად შეწყვიტა ოპოზიციური მედიის დაფინანსება-უარი თქვეს რეკლამების განთავსებაზე. ეს ამორალურობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

    როცა მოგადგებიან, დამცველი არავინ გეყოლებათ. მოგადგებიან. და თუ გგონიათ, რომ თქვენ არ შეგეხებიან, გადახედეთ ქოცი პატიმრების სიას-ნახავთ, რა კატეგორიის ადამიანებს მიადგნენ. თუ რომელ მედიაში ისმის მათი ხმა (და ამის უფლება ყველას აქვს-მათ შორის დამნაშავეებსაც), ამასაც ყველა კარგად ხედავს. ისე ნუ იზამთ, რომ თქვენი ხმა ვერავინ გაიგონოს. აქამდე მიგყავთ საქმე თქვენი სიმხდალისა და სიხარბის გამო.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მასალა იხილეთ.“