Politics
    2026-11-22 | 14:39

    მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ – ირაკლი კირცხალია

    მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ – ირაკლი კირცხალია

    მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

    მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

    ირაკლი კირცხალიას განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

    „კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას, შესაძლოა, გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

    ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას.

    „აქ არის ორი მიმართულება, ერთი ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება. ეს რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო. დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის“, – აღნიშნა კირცხალიამ.

    ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მზად არიან, დაინტერესების შემთხვევაში მოისმინონ არგუმენტები და გასცენ კითხვებს შესაბამისი პასუხები.

    „სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია, მზად ვართ, მოვისმინოთ  ეს მწვავე და მძაფრი რეაქცია, შევიდეთ დისკუსიაში და გავცეთ პასუხი. საინტერესო იქნება, რა არგუმენტები ექნებათ მწვავე რეაქციის ავტორებს. ზოგადად, ეს სფერო იმდენად კომერციული გახდა და ის რისკები, რაც ჩამოვთვალე ამ ძალიან მოკლე ტექსტში, კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და ბევრ დეტალს დროთა განმავლობაში გაიგებთ. პრაქტიკაზე როცა ვსაუბრობთ, თითქმის არ არსებობს ქვეყანა, ყველა ქვეყანაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც რომ ავიღოთ, აკრძალულია სუროგაცია, ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული“, – განაცხადა კირცხალიამ.