Society
    2026-11-24 | 11:23

    საქართველოში იტალიური დიზაინის დღის აღნიშვნა გრძელდება

    საქართველოში იტალიური დიზაინის დღის აღნიშვნა გრძელდება

    საქართველოში იტალიური დიზაინის დღის აღნიშვნა გრძელდება. იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, თბილისში იტალიური დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

    ღონისძიება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც იტალიის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით წელს მეათედ აღინიშნება. წლევანდელი იტალიური დიზაინის დღის მთავარი თემაა „Re-Design. სივრცის, ობიექტებისა და იდეების რეგენერაცია“.

    ღონისძიება საქართველოში იტალიის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ფაბიოლა ალბანეზემ გახსნა. მისი განცხადებით, დიზაინსა და არქიტექტურას მნიშვნელოვანი როლი აქვს ადამიანების ყოველდღიური საცხოვრებელი სივრცეების ახლებურად გააზრებაში.

    „დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა, წარმოვაჩინოთ იტალიის გამოცდილება, ცოდნა და კრეატიულობის, ინოვაციებისა და ტრადიციების შერწყმის უნარი“, - აღნიშნა ფაბიოლა ალბანეზემ.

    იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს წარმომადგენლის, თამარ მდივანის მისალმების შემდეგ, ღონისძიება პრეზენტაციებით გაგრძელდა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დიზაინის, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის საკითხებზე მომუშავე იტალიელმა ჟურნალისტმა ჯორჯო ტარტარომ, NABA-ს მოდის მარკეტინგის მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელმა ალესანდრო მანციმ და ACT Global-ის წარმომადგენელმა ანა ბურდულმა.

    ანა ბურდულმა სტუმრებს გააცნო იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოსთვის ჩატარებული საქართველოში ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის პროდუქციის B2B ბაზრის კვლევის შედეგები.

    ღონისძიება იტალიური დიზაინის დღის თემისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა. NABA-ს ორგანიზებით ჩატარებული კონკურსი ქართველი ახალგაზრდებისთვის ნაწილობრივ სასწავლო სტიპენდიებს ითვალისწინებს.

    ღონისძიების მიზანი იტალიური დიზაინის პოპულარიზაცია, პროფესიული და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება და იტალიასა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაა.