Politics
    2026-11-24 | 16:30

    ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის სანქციების დაწესების საფუძველი არ არსებობდა - გია ვოლსკი

    ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის სანქციების დაწესების საფუძველი არ არსებობდა - გია ვოლსკი

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება, რადგან ქარხანა სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში არ მონაწილეობდა. მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის საექსპერტო შეფასებები განსხვავდება იმ განცხადებებისგან, რომლებსაც ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ.

    „სანქციების საკითხი, რასაკვირველია, მნიშვნელოვანწილად ინაცვლებს განუხილველი საკითხების სიაში, იმიტომ რომ, როგორც ჩვენ ვამტკიცებდით, არც თავიდან და არც ახლა, არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მითუმეტეს ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ხელს უწყობს სანქციების საწინააღმდეგო მოქმედებას. ეს არაერთხელ დადასტურდა. არსებობს პროფესიონალთა ჯგუფები, რომლებიც ევროკომისიისთვის მუშაობენ, არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც ანალიზს აკეთებენ ყველა მიმართულებით, მათ შორის სანქციების გათვალისწინების საკითხებზე, რომელიც პრინციპულად განსხვავდება იმ რეზოლუციებისა თუ განცხადებებისაგან, რომელსაც ჩვენ გარკვეული პოლიტიკური პლატფორმებიდან ვისმენთ. რეალობა განსხვავებულია იმისაგან, რასაც გვთავაზობს თუნდაც ევროპარლამენტი ან ნებისმიერი სხვა ფორმატი, სადაც პოლიტიკოსებს აქვთ ტრიბუნა ხელში ჩაგდებული. საქართველოში არსებული მდგომარეობის, ყულევის მდგომარეობის საექსპერტო შეფასება აბსოლუტურად განსხვავდება იმისაგან, რასაც, მაგალითად, კაია კალასი და მარტა კოსი ამბობენ. ეს არის ამ თემის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ასპექტი," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

    შეგახსენებთ, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Independent-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ევროკავშირის მხრიდან სანქციების საფრთხის ფონზე ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია რუსეთის ჩანაცვლებით გადაწყვიტა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკავშირის საბჭომ 23 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტი მიიღო, რომელშიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც მოხვდა. სანქციების ფარგლებში ევროკავშირმა ქარხნის წინააღმდეგ სატრანზაქციო აკრძალვა მიიღო და მისი ამოქმედების ვადა 6 თვით განსაზღვრა