Commentary
    2026-11-26 | 14:21

    სააკაშვილი უკვე გასულია გონივრულობიდან და ადეკვატურობიდან -  გიორგი შარაშიძე

    სააკაშვილი უკვე გასულია გონივრულობიდან და ადეკვატურობიდან -  გიორგი შარაშიძე

    პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, საჯარო განცხადებების გავრცელების განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს, რაც, მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება. შარაშიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ხელისუფლების პირდაპირი ინსტრუმენტია.

    „მიხეილ სააკაშვილს სტატუსების განთავსება შეზღუდული არ აქვს და კითხვები ჩნდება, რატომ აქვს ექსკლუზიური უფლება მიმდინარე საქმესთან სრულიად დაუკავშირებელ საკითხებზე ისაუბროს და ადამიანებს მიმართოს, როდესაც ამის საშუალება სხვა არცერთ პატიმარს არ აქვს, ეს არის მთავარი კითხვა.

    სააკაშვილი უკვე გასულია გონივრულობიდან და ადეკვატურობიდან. რთულია მის ყოველ განცხადებაზე კომენტარების კეთება. „ოცნებას“ უნდა, რომ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარები აკეთოს, რადგან ეს აწყობს. ის ფაქტი, რომ მხოლოდ სააკაშვილს აქვს ექსკლუზიური უფლება, სასამართლოს დარბაზიდან, მათ შორის ვიდეომიმართვით ესაუბროს საქართველოს მოქალაქეებს, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სააკაშვილი დღეს პირდაპირი ინსტრუმენტია „ოცნების“ ხელში, რომელსაც „ოცნება“ ისე მართავს, როგორც სჭირდება. მისი ყოველი განცხადება ამის დასტურია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.