გრიგოლ გეგელიამ „იმედის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა და კომუნიკაციების კომისიასა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც ჩივილს გეგმავს
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მან ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, ტელეკომპანიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება დაამახინჯა და ისე წარმოაჩინა, თითქოს ის ქართველი ხალხის დასანქცირებას ითხოვდა.
გეგელიას განცხადებით, ის და მისი გუნდი ყოველთვის კონკრეტული პირების მიმართ მიზნობრივ სანქციებს მოითხოვდნენ და არა საქართველოს მოქალაქეების ან სახელმწიფოს დასანქცირებას.
„ჩვენ არასოდეს მოგვითხოვია ქართველი ხალხის ან სახელმწიფოს დასანქცირება და დაზარალება. პირიქით, ყოველთვის მკაფიოდ ვითხოვდით კონკრეტული პირების მიმართ მიზნობრივ სანქციებს – იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში იყვნენ შემჩნეული, ძირს უთხრიდნენ დემოკრატიასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და მასობრივი კორუფციით იყვნენ დაკავებული“, – განაცხადა გეგელიამ.
მისივე თქმით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყების გარდა, დღესვე მიმართავს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.
გეგელიას შეფასებით, ტელეკომპანიის მიერ მისი განცხადების ამგვარად წარმოჩენა საზოგადოებისთვის შეცდომაში შემყვანია და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე მალე დაიძვრება და დღის სინათლეს იხილავს. კონკრეტული ვიდეომტკიცებულებებით ქართველი ხალხი ნახავს, რა არის სიმართლე. ჩემი გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოში საჯაროა. მინდა, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ მათი ინტერესების დასაცავად ვიბრძვით“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.