ივანიშვილის პირობებში ქვეყანა იზოლაციაში მოექცა, ახლა გაერთიანებისა და მოქმედების დროა - ლაშა ფარულავა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ვეღარ მართავს და ქვეყანაში კორუფცია, რეპრესიები და კრიმინალი სისტემურ ხასიათს ატარებს.
როგორც ფარულავამ განაცხადა, ხელისუფლებამ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა დახურა, რის შედეგადაც საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.
„ივანიშვილმა და მისმა „კლერკმა“ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის კარი დახურეს, ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი თბილისში დახურეს. ორი წელია, ჩვენი თანამოქალაქეები ამ კარის გაღებას ცდილობენ. რეპრესია და ტერორი ყოველდღიურობად იქცა, პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები ციხეში არიან, სტუდენტები, ახალგაზრდები, ექიმები, მსოფლიო საოპერო ბანი და პრეზიდენტი“, - განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, ქვეყანაში იზრდება ფასები, აქტუალურ პრობლემად იქცა ნარკოდანაშაული, ხოლო ე.წ. ქოლცენტრები კვლავ მოქმედებენ.
ფარულავას განცხადებით, საქართველო განვითარების ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს და ამისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება და აქტიური მოქმედებაა საჭირო.
„ახლა არის გაღვიძების დრო, ახლა არის გაერთიანების დრო, აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა არის მოქმედების დრო. ჩვენ ყველამ ერთად მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია საქართველო ნორმალური განვითარების გზაზე დავაბრუნოთ. ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი არის ქრისტიანული ევროპა“, - განაცხადა მან.
ფარულავამ ასევე გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი ეკლესიასთან და სასულიერო პირებთან დაპირისპირების გამო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ქვეყნის კაზინოდ და ტოტალიზატორად გადაქცევა სურს.
“ბიძინა ივანიშვილმა დაპირისპირება დაიწყო ჩვენს სასულიერო პირებთან, ეკლესიასთან, რადგან ეს ქვეყანა უნდა, რომ კაზინოდ და ტოტალიზატორად აქციოს და ფსონის სახით დადოს ჩვენი მომავალი, ამიტომ ჩვენ მას დღეს უარი უნდა ვუთხრათ”, - აცხადებს ფარულავა.
მისი ინფორმაციით, დღეს, 19:00 საათზე, მოქალაქეები შეკრებას ავლაბრის მეტროსთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გეგმავენ.
„ყველას უნდა დავანახოთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.