Commentary
    2026-11-28 | 17:04

    მადლობა ცოტნე ივანიშვილს, რომლის პირადი ჩართულობითაც ჩვენი მოსწავლეებისთვის სრულიად ახალი საგანმანათლებლო სივრცის კარი იღება - კახა კალაძე

    მადლობა ცოტნე ივანიშვილს, რომლის პირადი ჩართულობითაც ჩვენი მოსწავლეებისთვის სრულიად ახალი საგანმანათლებლო სივრცის კარი იღება - კახა კალაძე

    საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან და ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს. მან უდიდესი ძალისხმევა გაიღო, მათ შორის გამოიყენა პირადი კონტაქტები, რათა ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

    „როგორც ცნობილი გახდა, კიდევ ერთ საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს ჩაეყარა საფუძველი. საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც 2027 წლის QS რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში — მე-11, აზიაში კი პირველ ადგილს იკავებს.

    ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გაიღო, მათ შორის გამოიყენა პირადი კონტაქტები, რათა ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

    პირველ რიგში მადლობა ცოტნე ივანიშვილს, რომლის პირადი ჩართულობითაც ჩვენი მოსწავლეებისთვის იმ სრულიად ახალი საგანმანათლებლო სივრცის კარი იღება, რომელიც აღმოსავლური და დასავლური კულტურის კვეთის წერტილს წარმოადგენს. ჰონგ კონგის უნივერსიტეტში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აღმოსავლური და დასავლური ხელოვნების ისტორია, ფილოსოფია, გეოპოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები თუ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი დისციპლინები სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილონ და საფუძვლიანად შეისწავლონ, რაც, თანამედროვე რეალობაში არცთუ ისე ხშირი შემთხვევაა.

    ასევე დიდ მადლობას ვუხდი ცოტნეს მშობლებს, ბატონ ბიძინას და ქალბატონ ეკას, ასეთი შვილის აღზრდისთვის, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი ინტერესებსა და მიზნებზე, არამედ თავისი თანამემამულე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე ზრუნავს.

    ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობა, რომელმაც ქართველი სტუდენტების დაფინანსების პროცესში ჩაერთო, რისთვისაც მინდა, შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს უდიდესი მადლობა გადავუხადო.

    დაბოლოს, ვერაფერი გამოვიდოდა თავად ჰონგ კონგის უნივერსიტეტის ჩართულობის გარეშე. კიდევ უფრო დასაფასებელია, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქართველი ახალგაზრდების მათ სივრცეში სწავლის, არამედ, ქართლ სახელმწიფოსთან ერთად, მიღებული სტუდენტების თანადაფინანსებისთვის მზაობაც გამოხატა, რისთვისაც, ბუნებრივია, მათაც უდიდესი მადლობას ვუხდი.

    ფაქტია, რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახალი, უნიკალური შესაძლებლობა გაჩნდა და მინდა, თითოეულ იმ ქართველ სტუდენტს, რომელიც მომავალში აღნიშნულ უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას, უდიდესი წარმატება ვუსურვო“, – წერს კახა კალაძე.