ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ღირსებისთვის ვიბრძოდით, ეს ბრძოლა გრძელდება - ირაკლი კუპრაძე
კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე მდიდრდება, ძარცვავს ბიუჯეტს და რეპრესიულ კანონმდებლობას იღებს.
ამის შესახებ კუპრაძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია და ჟურნალისტები ღირსების დასაცავად იბრძოდნენ.
„ეს ორი წელი იყო ძალიან მძიმე – დევნისა და იმის გამო, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს იყო. მიუხედავად რამდენიმე ბრძოლაში მცირე დამარცხებისა და წაგებისა, მთავარი ბრძოლა ღირსებისთვის გამარჯვებით დასრულდა.
ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია და ჟურნალისტები ღირსების შესანარჩუნებლად ვიბრძოდით. ამ ღირსების აყრა გადაწყვიტეს იმ 15-მა კაცმა, რომლებიც დღეს საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე მდიდრდებიან, ძარცვავენ ბიუჯეტს, დასცინიან მოქალაქეებს, იღებენ რეპრესიულ კანონმდებლობას და ყოველდღიურად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას.
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე კონსტიტუციას არღვევენ. ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა მილიარდებით გამდიდრდნენ, გაანადგურეს ყველაფერი, ყველა ეკონომიკური საწყისი. ებრძვიან საქართველოს, ეკლესიას, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. ეს არის ივანიშვილი, რომლის მხარესაც ბოროტება დგას, აქეთ კი ღირსებაა.
ამ ბრძოლასა და წინააღმდეგობაში ვიქნებით, მიუხედავად იმისა, როგორ დაასრულებს ბიძინა ივანიშვილი ამ სამარცხვინო ცირკს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
თბილისში საპროტესტო მსვლელობა სლოგანით – „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს აჩერებდა. განცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდა.
აქციების ფარგლებში ათობით ადამიანი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. პროტესტის მონაწილეები უკვე ორი წელია ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.