Politics
    2026-11-28 | 22:17

    პროტესტი კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს და მთელ საქართველოს მოედოს, რათა ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიულმა აპარატმა მას ვეღარ გაუძლოს - გიგა ბოკერია

    პროტესტი კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს და მთელ საქართველოს მოედოს, რათა ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიულმა აპარატმა მას ვეღარ გაუძლოს - გიგა ბოკერია

    თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პროტესტი უნდა გაფართოვდეს და მთელი საქართველო მოიცვას, რათა ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზარდოს და თავისუფალი არჩევნების ჩატარება შესაძლებელი გახდეს.

    „ყველა რეპრესიის მიუხედავად, რაც ამ ორი წლის განმავლობაში ვნახეთ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი და აქ შეკრებილი უამრავი მოქალაქე არასდროს შეეგუება იმ უტიფარ განცხადებას, რომელიც ივანიშვილის ამ არარაობამ, კობახიძემ, ორი წლის წინ ღიად გააკეთა. ფაქტობრივად, გვითხრა, რომ უნდა შევეგუოთ სახელმწიფოებრიობის დაკარგვას და საბჭოთა-რუსულ ჭაობში დარჩენას, რომ თავისუფალ სამყაროში დაბრუნება არ გვიწერია და გადასარჩენად ვასალობას უნდა დავთანხმდეთ.

    ამას ქართული საზოგადოება არ შეეგუება და დღევანდელი დღე ამის დასტურია. თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ პროტესტი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მთელ საქართველოს მოედოს, გახდეს იმ მასშტაბის, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი ვეღარ გაუძლებს. მხოლოდ ამ გზით, როდესაც ამ აპარატს გავტეხავთ, გახდება შესაძლებელი თავისუფალი არჩევნების მიღწევა“, – განაცხადა ბოკერიამ.

    მისივე თქმით, მიზანი უნდა იყოს 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგის გამეორება, როდესაც საბჭოთა-რუსული კომუნისტური რეჟიმი არჩევნებით დამარცხდა, რის შემდეგაც ქვეყნის თავისუფალ რესპუბლიკად ჩამოყალიბება, თავდაცვის გაძლიერება და მოკავშირეების შეძენა უნდა დაიწყოს.

    თბილისში საპროტესტო მსვლელობა სლოგანით – „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს აჩერებდა. განცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდა.

    აქციების ფარგლებში ათობით ადამიანი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. პროტესტის მონაწილეები უკვე ორი წელია ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.