ამ ქვეყანაში ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამის გაჩერება შეუძლებელია - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციამ აჩვენა, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული რეპრესიებისა და ტერორის მიუხედავად, ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.
„მნიშვნელოვანი დღეა. ჩემი აზრით, ადამიანების რაოდენობა გადამწყვეტი იყო და ეს დღე შედგა – დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. აქცია აჩვენებს ყველას – ციხეში მყოფებსაც, გარეთ მყოფებსაც და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფებსაც, რომ მიუხედავად ამდენი წლის რეპრესიებისა, ტერორის ატმოსფეროსი, ადამიანების წამებისა და იმ სიგიჟეებისა, რომლებიც ყველამ ერთად გავიარეთ, ამ ქვეყანაში ადამიანები რჩებიან და აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამის გაჩერება შეუძლებელია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, საპროტესტო მოძრაობის მონაწილეების შეჩერება შეუძლებელია და საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება ისტორიულ გზას და გახდება ევროპის ნაწილი.
„ნებისმიერი ადამიანი, ორთოდოქსი ფუნდამენტალისტი „ქოციც“ რომ მოიყვანო აქ და ამ ადამიანებში გაატარო, მათი განწყობის ნახვის შემდეგ დარწმუნდება, რომ ამ ადამიანების გაჩერება შეუძლებელია. ეს ადამიანები ამ ქვეყანას გაიყვანენ სამშვიდობოზე. სამშვიდობო გზა კი ამ ქვეყნის ისტორიულ გზაზე დაბრუნებაა. ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
თბილისში საპროტესტო მსვლელობა სლოგანით – „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს აჩერებდა. განცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდა.
აქციების ფარგლებში ათობით ადამიანი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. პროტესტის მონაწილეები უკვე ორი წელია ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.