უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

16 იანვარი, 2018 00:00
font-size

დღის კალენდარი _ 16 იანვარი

წლის მე-16 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 349 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისა (თაყაიშვილი 1863-1953), იოანესი, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსისა (XI), ღირსთა ევაგრესი და ელია დიაკონისა (VI), ღირსისა პეტრე ნიშანშემოსილისა, ატროას მონასტერში მოღვაწისა (IX); ღირსი ამბა მელიტონ მამასახლისისა, საბაწმინდელისა (537); ღირსისა თომაიდასი, ლესბოსის მკვიდრისა (IX); წმიდა მოწამისა გორდისა (IV), წმიდა წინასწარმეტყველისა მალაქიასი (400წ. ქრისტეს შობამდე). ღირსისა ჟენევიევა პარიზელისა (დაახლ. 500)

წმიდა წინასწარმეტყველი მალაქია ცხოვრობდა 400 წლით ადრე ქრისტეს შობამდე, ბაბილონის ტყვეობიდან იუდეველთა დაბრუნების დროს. მალაქია უკანასკნელი იყო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთაგან, ამიტომაც წმიდა მამები მას `წინასწარმეტყველთა ბეჭედს” უწოდებენ.

წმიდა მალაქია სულიერი სიქველისა და კეთილმსახურების განსახიერება იყო, რითაც გაოცებაში მოჰყავდა ადამიანები და რის გამოც იწოდა კიდეც მალაქიად, ანუ ანგელოზად. თავისი წინასწარმეტყველების წიგნში, რომელიც საღმრთო წერილის (ძველი აღთქმის) კანონიკურ წიგნთა რიცხვში შედის, იგი ამხილებდა იუდეველთა უკეთურებას და წინასწარმეტყველებდა იესო ქრისტესა და მისი წინამორბედის მოსვლას, აგრეთვე განკითხვის დღეს.

წმიდა მოწამე გორდი დაიბადა III საუკუნის დასაწყისში, კაპადოკიის ქალაქ კესარიაში ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. სრულასაკოვნებას მიღწეული, იგი სამხედრო სამსახურში შედგა, სადაც დიდი სიმამაცე და საომარი ხელოვნება გამოამჟღავნა, რის გამოც ასისთავადაც დაინიშნა. ქრისტიანთა დევნის დროს, IV საუკუნის დასაწყისში, მან მიატოვა საერო ცხოვრება და უდაბნოში წავიდა, რათა ქველის ღვაწლით განემზადებინა თავი ქრისტეს მაცხოვრის სახელის აღიარებისათვის. 320 წელს წმიდა გორდი განცხადებულად გამოვიდა ქალაქის პრეფექტის წინაშე ქრისტიანთა დასაცავად, რისთვისაც იგი შეიპყრეს და სასტიკი ტანჯვა-წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

დაიბადნენ:

1836 _ მამია გურიელი, პოეტი. გარდაიცვალა 1891 წელს.

1838 _ ფრანც ბრენტანო, გერმანელი ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1917 წელს.

1847 _ კალმან მიკსატი, უნგრელი მწერალი. გარდაიცვალა 1910 წელს.

1858 _ ნიკოლო (ჯაკომო) პუჩინი, იტალიელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1924 წელს.

1881 _ ალექსანდრე წუწუნავა, კინორეჟისორი. პირველი ქართული მხატვრული ფილმის `ქრისტინეს” რეჟისორი. გარდაიცვალა 1955 წელს.

1913 _ ბათუ კრავეიშვილი, მომღერალი. გარდაიცვალა 1970 წელს.

1932 _ ოთარ მეღვინეთუხუცესი, კინოსა და თეატრის მსახიობი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 2013 წელს.

1956 _ დევიდ კოპერფილდი, ამერიკელი ილუზიონისტი.

1956 _ გელა ყიფიანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

გარდაიცვალნენ:

1464 _ დეზიდერიო და სეტინიანო, იტალიელი მოქანდაკე, ადრინდელი აღორძინების ფლორენციის სკოლის წარმომადგენელი.

1806 _ ნიკოლა ლებლანი, ფრანგი ქიმიკოსი. 1787-1789 წლებში მან პირველმა შეიმუშავა სუფრის მარილისგან სოდის მიღების სამრეწველო მეთოდი.

1891 _ კლემან ფილიბერ ლეო დელიბი, ფრანგი კომპოზიტორი.

1929 _ არტურო ტოსკანინი, იტალიელი დირიჟორი, 1898-1929 წლებში თეატრ `ლა სკალას” ხელმძღვანელი.

მოვლენები:

1820 _ ბელინსჰაუზენმა და ლაზარევმა ანტარქტიდის ნაპირებს მიაღწიეს და პლანეტის ბოლო კონტინენტი აღმოაჩინეს.

1902 _ ანტარქტიკული ექსპედიციის წევრებმა _ შეკლტონმა, დოუსონმა და დეივიდმა სამხრეთ მაგნიტურ პოლუსს მიაღწიეს.

1920 _ პარიზში ერთა ლიგის სათათბიროს პირველი სხდომა ჩატარდა.

1979 _ ირანში მოხდა `ისლამური რევოლუცია”, ტახტიდან ჩამოაგდეს შაჰი მუჰამედ რეზა ფეხლევი.

1982 _ დიდმა ბრიტანეთმა და ვატიკანმა განაახლეს 400 წლის წინათ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა.

1991 _ დაიწყო `უდაბნოს ქარიშხლის” ოპერაცია, რომელშიც 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაერთიანებული ჯარები მონაწილეობდნენ და მიზნად ისახავდა კუვეიტიდან ერაყის ჯარების განდევნას.