უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

19 თებერვალი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 19 თებერვალი

წლის 50-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 315 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა არსენ იყალთოელისა (1127); ღირსისა ვუკოლესი, სმირნელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 100); ღირსთა: ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველისა (VI); მოციქულთა სწორისა ფოტისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა, აღმსარებელისა (891); მოწამთა: დოროთეასი და თეოფილესი, კაპადოკიის კესარიაში ვნებულთა (284-304); მოწამისა ივლიანე ემესელისა (312); მოწამეთა: ფავსტასი, ევილასესი და მაქსიმესი (305-311); ღირსისა იოანე ლიკოსელისა (IV); ამანდოსისა, ბელგიის განმანათ ლებელისა (680); მღვდელმოწამისა დამასკინოს სინელისა (1623); მღვდელმოწამისა არტემი სინელისა (1822).

ღირსი არსენ იყალთოელი, ვაჩესძე, წარმოშობით დიდგვაროვანი ქართველი თავადების წრიდან იყო. გადმოცემით, იგი დაიბადა კახეთში, სოფელ იყალთოში. ის სიყრმიდანვე გამოირჩეოდა საეკლესიო მსახურებისა და ლოცვის სიყვარულით. სასულიერო განათლება მან კონსტანტინეპოლის აკადემიაში მიიღო. აკადემიის დამთავრების შემდეგ ღირსი არსენი ბერად აღიკვეცა და მორჩილების ღვაწლს ეწეოდა შავი მთის ერთ-ერთ ქართულ მონასტერში წმიდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით.

მთელი თავისი სიცოცხლე არსენ იყალთოელი მართლმადიდებლობის სიწმინდისათვის იბრძოდა და მოიპოვა მეცნიერ-ენციკლოპედისტის სახელი: იგი იყო ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფილოლოგი, ლოგიკოსი, ფიზიკოსი, ანატომი და ჩინებული პოეტი. მეფე დავით IV აღმაშენებლის მიწვევით, ღირსი არსენი საქართველოში დაბრუნდა და ერთხანს გელათის აკადემიაში ასწავლიდა. შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა და კახეთში იყალთოს აკადემია დააარსა.

ღირსი ვუკოლ იყო მოწაფე და თანამოღვაწე წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველისა, რომელმაც იგი სმირნის ეკლესიის პირველ ეპისკოპოსად დაადგინა. იგი მშვიდობით აღესრულა დაახლოებით 100-105 წლებში.

წმიდა მოწამე იულიანე წარმოშობით ფინიკიის ქალაქ ემესიდან იყო და იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ევნო ჭეშმარიტი ღმერთისთვის. იგი მეტად დახელოვნებული მკურნალი იყო.

როცა სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ წმიდა მოწამენი სილოვანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკვანი და ბუკი მედავითნე, წმიდა ივლიანე გვერდით მიჰყვებოდა მათ, განამტკიცებდა სულით. ამისთვის იგიც შეიპყრეს და წამებით მოაკვდინეს.

წმიდა მოწამე ფავსტა ქალწული და მასთან ერთად ევილასი და მაქსიმე დაახლოებით 305-311 წლებში ევნენ ჭეშმარიტი რწმენისათვის ქალაქ კვიზიტში, როცა იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნა მძვინვარებდა.

წმიდა მოწამე ქალწულნი მართა და მარიამი ღვიძლი დები იყვნენ. ისინი ქალაქ ასიაში ცხოვრობდნენ და იღვწოდნენ სურვილით სატანჯველნი დაეთმინათ უფალი იესო ქრისტესთვის. ერთხელ მათ სახლთან წარმართმა მხედართმთავარმა გაიარა რაზმითურთ. წმიდა დები გარეთ გამოცვივდნენ და ხმამაღლა მიაძახეს მას — ჩვენ ქრისტიანები ვართო. თავდაპირველად მხედართმთავარმა ყურადღება არ მიაქცია მათ, ქალწულები კი უკან მიჰყვებოდნენ და უმეორებდნენ — ქრისტე მაცხოვარი გვწამსო. მაშინ მან ბრძანა შეეპყრათ დები და მათი უმცროსი ძმა. სამივე მოწამე ჯვარს აცვეს.

დაიბადნენ:

1473 — მიკოლაი კოპერნიკი, პოლონელი ასტრონომი, ფილოსოფოსი, ექიმი. გარდაიცვალა 1543 წელს.

1743 — ლუიჯი ბოკერინი, იტალიელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1805 წელს.

1854 — ზაქარია ჭიჭინაძე, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1922 წელს.

1884 — ლეო ქიაჩელი-შენგელაია, გამოჩენილი მწერალი. გარდაიცვალა 1963 წელს.

1902 — დავით გაჩეჩილაძე, მთარგმნელი. გარდაიცვალა 1974 წელს.

1960 — ენდრიუ ალბერტ კრისტიან ედვარდი, დიდი ბრიტანეთის პრინცი, დედოფალ ელიზაბეტ II-ის მეორე ვაჟიშვილი.

გარდაიცვალნენ:

1901 — რაფიელ ერისთავი, მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი.

1916 — ერნესტ მახი, ავსტრიელი ფიზიკოსი, ფილოსოფოს-იდეალისტი.

1951 — ანდრე ჟიდი, ფრანგი მწერალი.

მოვლენები:

1800 წელი — ნაპოლეონ ბონაპარტი საფრანგეთის პირველი კონსული გახდა.

1878 წელი — ხელი მოეწერა სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთსა და თურქეთს შორის.

1921 წელი — პოლონეთსა და საფრანგეთს შორის დაიდო სამხედრო ხელშეკრულება.

ღირსსახსოვარი დღეები:

აშშ – პრეზიდენტ ვაშინგტონის დღე.

ნეპალი – კონსტიტუციის დღე.

ეთიოპია — მსხვერპლთა დღე.

გაბონი — კონსტიტუციის დღე.

თურქმენეთი — სახელმწიფო დროშის დღე.